Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოტმიოლერი: მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის განმტკიცება და სასამართლოს შემდგომი რეფორმირება


ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბათუმში
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბათუმში

ნატოელი მოკავშირეები მიესალმებიან საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, თუმცა მოუწოდებენ ასევე რეფორმების გაგრძელებისკენ მათ შორის - კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის მიმართულებებით, - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტმიოლერმა ბათუმში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

„დღეს ჩვენ შევთანხმდით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებაზე. მოკავშირეები იღებენ დამატებითი რესურსების მობილიზების ვალდებულებას და მიესალმებიან საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების პროცესში: თქვენ გააძლიერეთ თავდაცვითი ინსტიტუტები, მოახდინეთ შეიარაღებული ძალების მოდერნიზება და მკაფიო პროგრესი გაქვთ თავდაცვითი ხარჯების მიმართულებით.

მოგიწოდებთ გააგრძელოთ ეს გზა და გააგრძელოთ აუცილებელი რეფორმები თავდაცვის სფეროს მიღმაც. თანაბრად მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის განმტკიცება და სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირება. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას რეფორმებზე, რომლებიც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ნატოსთან“, - განაცხადა ნატოს გენმდივნის მოადგილემ.

ნატოელი მოკავშირეების მხრიდან პროგრესის დაფასებასა და რეკომენდაციების მიღებაზე გაამახვილა ყურადღება თავის გამოსვლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამაც. მისი თქმით, ამ რეკომენდაციების შესრულება საქართველოსთვის მიზნად იქცევა.

„დღეს ჩვენ გვქონდა საშუალება ძალზედ მნიშვნელოვანი დისკუსიები გაგვემართა, სადაც შეფასდა საქართველოს წარმატება, საქართველოს მიღწევები როგორც დემოკრატიზაციის, ასევე თავდაცვის შესაძლებლობების გაღრმავებაში, რაც ერთმნიშვნელოვნად იქნა დადასტურებული ჩვენი მეგობრების მხრიდან; თუმცა ასევე მივიღეთ ბევრი რეკომენდაცია, რომლის შესრულებაც ასევე გახდება ჩვენი მიზანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

3 ოქტომბერს, ბათუმში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია ბათუმში 3 ოქტომბერს ჩავიდა.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო უკვე მეხუთედ სტუმრობს საქართველოს. ის წარმოადგენს ნატოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი თავმჯდომარეობს. საბჭოს სხდომებზე იკრიბებიან ნატოს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები და განიხილავენ პოლიტიკურ და მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG