Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებს ქართველ დეპუტატებთან ერთად ირმა ინაშვილიც ხვდება


ირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი და ნატოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო დელეგაციას ხვდებიან. შეხვედრას ესწრება „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე ირმა ინაშვილიც:

„რა თქმა უნდა, მოცემული მაქვს ამ შემთხვევაში სიტყვა. გაგეცინათ, ხომ? - უთხრა შეხვედრის დაწყების წინ ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს, - მე საერთოდ, არ მჩვევია პროტოკოლის დარღვევა, მაქვს მოხსენება და გამოვიყენებ ამ მოხსენებას იმისთვის, რომ რამდენიმე თეზისი გავაჟღერო. პირველი - რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც 29 ქვეყანა გიცავს და როდესაც შენ გაქვს პრობლემა, ნატოს 29 წევრი ქვეყანა შენს გვერდითაა. ეს კარგია, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ნატო გვეუბნება, რომ მისი კარი ღიაა, მაგრამ არავინ გვეუბნება ვადას, როდის გავწევრიანდებით და მეტიც, გვეუბნებიან, რომ სულ რაღაცა კრიტერიუმები გვაქვს დასაკმაყოფილებელი.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს კრიტერიუმები დიდი ხნის წინ დავაკმაყოფილეთ, ჩვენი ნატოში თანამონაწილეობის კონტრიბუციის მოცულობის ხარისხი ძალიან დიდია: ავღანეთის მისია, ანტიტერორისტულ რეფორმებში მონაწილეობა, სხვა რეფორმები, რასაც ვახორციელებთ. მაგრამ ნატო კვლავ იმეორებს, რომ მისი კარი ღიაა და ჩვენ ვერ გვაწევრიანებს და არ გვაწევრიანებს. ამიტომ, ჩვენი პოლიტიკური გუნდი საუბრობს უსაფრთხოების იმ სისტემაზე, იმ კონცეფციაზე, რომელიც აპრობირებულია შვეიცარიაში, ფინეთში, ავსტრიაში - ეს არის სამხედრო მიუმხრობლობის მოდელი, რაც ამ ეტაპზე, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის, რაც უზრუნველყოფს ჩვენთვის მშვიდობასა და სტაბილურობას და შევეცდები, ამაზე ვისაუბრო“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა შეხვედრის დაწყების წინ.

ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია საქართველოს 3 ოქტომბერს ეწვია. ჩრდილოატლანტიკური საბჭო უკვე მეხუთედ სტუმრობს საქართველოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG