საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გამოწვევების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია საქართველოს მომავალს ვერ განსაზღვრავს და საქართველო პარტნიორებთან ერთად ქმნის თავის მომავალს. ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერისა და ნატოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების დელეგაციასთან საქართველოს პარლამენტის წევრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საქართველო რჩება იმ ვალდებულებების ერთგული, რომელიც პარტნიორებისა და ქვეყნის მოქალაქეების წინაშე აქვს აღებული:
„როგორც ხდება რეალურ ცხოვრებაში, არის ცუდი ამბებიც და ეს ცუდი ამბავია, რომ დღემდე რჩება ჩვენთვის გამოწვევად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია. ეს არ არის გაყინული კონფლიქტი, ეს არ არის პრობლემა, რომელიც უკვე მოხდა, ეს არის გამოწვევა, რომელიც დღესაც არსებობს, რომელიც თავისი უარესი სახით გრძელდება დღემდე. ეს გულისხმობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, ჩვენი მოქალაქეების გატაცების შემთხვევებს, გულისხმობს სხვადასხვა საფრთხეებს, რაც მომდინარეობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
მიუხედავად ამ გამოწვევებისა, რომელიც საკმაოდ დიდ ენერგიას, დიდ ყურადღებას მოითხოვს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ყოველდღიურად, საქართველო მაინც რჩება თავისი მომავლის შექმნის პროცესში ოპტიმისტურად და თავდაჯერებულად, იმ ვალდებულებების ერთგული, რომელიც ჩვენ აღებული გვაქვს ჩვენი მოქალაქეებისა და პარტნიორების წინაშე.
გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს მომავალს, რუსეთის ფედერაცია საქართველოს მომავალს ვერ განსაზღვრავს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, დასავლეთთან ერთად საქართველო ქმნის თავის მომავალს და მომენტს, როდესაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება შესაძლებელი მშვიდობიანი, დემოკრატიის გაძლიერების, უფრო ძლიერი ეკონომიკის შექმნის და პასუხისმგებლიანი საერთაშორისო საგარეო პოლიტიკის წარმოების გზით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია საქართველოს 3 ოქტომბერს ეწვია. ჩრდილოატლანტიკური საბჭო უკვე მეხუთედ სტუმრობს საქართველოს.