„მთავარის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ პროკურატურაში გამოკითხვაზე "მასკარადი" უწოდა "რუსთავი 2"-ის გარშემო დაწყებულ გამოძიებას.
"ეს მთელი პროცესი არის ერთი დიდი მასკარადი, რომლის მიზანია ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი კრიტიკული მედიის დაშინება. ადამიანებისთვის დისკომფორტის შექმნა, რომ მერე ჩვენ მორალურად გავტყდეთ და ამის შემდეგ ვთქვათ, რომ აღარ გვინდა იმის კეთება, რასაც ვაკეთებთ", - თქვა მელაძემ.
გენერალური პროკურატურა საქმეს იძიებს "რუსთავი 2"-ის ყოფილი მენეჯმენტის მიერ ტელეკომპანიის თანხების შესაძლო მითვისებასა და ქონების გადამალვას.
ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ მდგარა ფრონტის ხაზზე, ტყვიების წვიმაში პირდაპირი ეთერიც მიჰყავდა და "არ ყოფილა ცხელი წერტილი, სადაც არ მიმუშავია. იქ არ მეშინოდა და, რა თქმა უნდა, პროკურატურაში დაბარებების [არ მეშინია]".
ნოდარ მელაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს და მის მხარდასაჭერად პროკურატურის შენობასთან შეიკრიბნენ ჟურნალისტები, მათ შორის, "მთავარის" კონკურენტი მედიებიდან. პროკურატურასთან მივიდნენ ნანუკა ჟორჟოლიანი, ინგა გრიგოლია, ვატო წერეთელი, დიანა ტრაპაიძე.
"იმისთვის, რომ ქვეყანა დიქტატურის ჭაობში არ გადაიჩეხოს, აუცილებელია კრიტიკული მედია, შესაბამისად ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას", - უთხრა ნოდარ მელაძემ მედიას.
"რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორს, ნიკა გვარამიას პროკურატურა ბრალს სდებს ქმედებაში, რის გამოც ტელეკომპანიამ ვერ მიიღო 6 763 510 ლარი.
ამავე გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხეს ტელეკომპანია „ფორმულის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი.
„რუსთავი 2“-ის მფლობელთან დაკავშირებული რამდენიმეწლიანი სასამართლო დავა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაშის გამარჯვებით დასრულდა. ხალვაშის მიერ ტელეკომპანიის გადაფორმებიდან ერთ თვეში, „რუსთავი 2“-ის ახალმა დირექტორმა პაატა სალიამ არხის სახეები სამსახურიდან გაათავისუფლა. სალიამ განმარტა, არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგება არხს და მის მესაკუთრეს, იყოს მასთან დასაქმებულიო.
„რუსთავი 2“ დატოვეს „კურიერის“ წამყვანებმა და საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებმაც. „რუსთავი 2“-ის გუნდის ნაწილმა ახალი არხი „მთავარი“ დააფუძნა.