Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა მოლაპარაკების შეწყვეტაზე საუბრობს, აშშ კი ამას უარყოფს


„როიტერსის“ ინფორმაციით, აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის 5 ოქტომბერს შვედეთში განახლებული მოლაპარაკებები ჩაიშალა.

„აშშ-მა მოქნილი დამოკიდებულების, ახალი მეთოდისა და კრეატიული გამოსავლის პოვნის მოლოდინები გააჩინა, თუმცა იმედი გაგვიცრუა და ჩვენი ენთუზიაზმი ჩაახშო, ვინაიდან მოლაპარაკებების მაგიდაზე არაფერი დადო“, - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის მთავარმა წარმომადგენელმა ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებებში, კიმ მიონ გილიმ.

მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ ამერიკულ მხარეს ძველი პოზიცია და დამოკიდებულება არ შეუცვლია. მოლაპარაკებებმა მათი მოლოდინი ვერ გაამართლა და საბოლოოდ შეწყდა.

თუმცა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავარი მომლაპარაკებლის კომენტარი არ ასახავს შვედეთში გამართული 8-საათნახევრიანი მოლაპარაკებების „შინაარსსა და სულისკვეთებას.“

ორტაგუსის თქმით, აშშ-ის დელეგაციამ წარადგინა ახალი ინიციატივები, რომლებიც მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევას შეუწყობს ხელს.

„შეუძლებელია, აშშ-მა და კორეის სახალხო რესპუბლიკამ ერთ შაბათს გადაწყვიტონ ომისა და საომარი მოქმედებების 70-წლიანი მემკვიდრეობისგან გამოწვეული პრობლემები. ეს მნიშვნელოვანი საკითხებია და ორივე ქვეყნიდან დიდ ვალდებულებებს მოითხოვს. აშშ-ს ეს ვალდებულებები გააჩნია“, - განაცხადა ორტაგუსმა.

აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის დელეგაციების წარმომადგენლები ერთმანეთს სამუშაო შეხვედრის ფორმატში შვედეთში, კუნძულ ლიდინგეზე შეხვდნენ.

XS
SM
MD
LG