Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრე კობაიძე: დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 4 პირიდან 2 პოლიციელია


ალექსანდრე კობაიძე
ალექსანდრე კობაიძე

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 4 პირია დაკავებული, მათ შორის ორი პოლიციელი, - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ. იგი იცავს დაკავებულთაგან ერთ-ერთის, გიორგი გეთაშვილის ინტერესებს, რომელიც მოკლულის მეგობარია. მას გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.

ქვემო ქართლის პოლიციაში გიორგი გეთაშვილთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ პროცედურული ნორმები დაირღვა. ადვოკატის თანახმად, „გეთაშვილი ორჯერ დაკითხეს. ის იყო ერთ-ერთი, რომელმაც ბოლოს ნახა დავით მუმლაძე“:

„მანქანით იყვნენ ერთად, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციამ გააჩერა. მანქანიდან გადმოიყვანეს მუმლაძე, დაადეს ხელბორკილი, ჩაისვეს პოლიციის მანქანაში და წაიყვანეს, გეთაშვილს კიდევ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და გათიშეს. როცა მუმლაძე დაიკარგა და ოჯახმა პოლიციას მიმართა, დაკითხეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელთანაც ფიქსირდებოდა მუმლაძის მიერ განხორციელებული ბოლო სატელეფონო ზარი. მაშინ გეთაშვილს შეეშინდა და არ უხსენებია ის, რაც პოლიციასთან დაკავშირებით მოხდა. გამოძიება სწორედ ამის გამო ედავება ცრუ ჩვენების მიცემას“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი გეთაშვილს ბრალს პროკურატურა სავარაუდოდ დღეს წაუყენებს, სასამართლო პროცესი კი 8 ოქტომბერს ჩატარდება.

დაკავებულის ნათესავები 6 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველოს წინ იყვნენ შეკრებილნი. ისინი შიშობდნენ რომ გიორგი გეთაშვილზე ფსიქოლგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდებოდა.

36 წლის დავით მუმლაძეს ოჯახი 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა. 5 ოქტომბერს მისი ცხედარი რუსთავში მდინარე მტკვარმა გამორიყა. არსებული ინფორმაციით, ცხედარს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG