Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა


გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრა 7 ოქტომბერს, თბილისში შედგა
გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრა 7 ოქტომბერს, თბილისში შედგა

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას და ეკონომიკური კავშირების გააქტიურების პოტენციალს. გერმანიის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო ეკონომიკური რეფორმების კუთხით ლიდერია და ამ სფეროში არსებული პარტნიორობის დინამიკა მისასალმებელია.

გიორგი გახარიამ და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა დასავლელი პარტნიორების მიერ როგორც საერთაშორისო, ისე რუსეთთან ორმხრივ ფორმატებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების მაღალ დონეზე დაყენების მნიშვნელობას.

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა გერმანელი ექსპერტების როლი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობითვე, შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობა და აღინიშნა გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილი პროფესიული განათლების განვითარების სფეროში. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს გერმანიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების მიმართულებით და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზად არის.

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით 6 ოქტომბერს ეწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG