Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკრებულოში მოითხოვენ, რომ ძალადობაში ეჭვმიტანილ დეპუტატს უფლებამოსილება შეუჩერდეს


თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, რომ საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან,“ ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდეს.

ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს მისი ოფისის თანამშრომელი თამთა თოდაძე. თავად ჯიშკარიანი ბრალდებას უარყოფს.

დღეს, 7 ოქტომბერს, საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრმა, ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ მაჟორიტარი დეპუტატი მოსახლეობის ინტერესების დამცველია, სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ეჭვმიტანილი ილია ჯიშკარიანი კი, ამ სტატუსის მატარებელი ვერ იქნება.

„მოვუწოდებთ საკრებულოს უმრავლესობას, გენდერულ საბჭოს და განსაკუთრებით საკრებულოს ქალ დეპუტატებს, დადგნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა, სოლიდარობა გამოვუცხადოთ დაზარალებულ თამთა თოდაძეს და პირველივე სხდომაზე დავაყენოთ ილია ჯიშკარიანისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი გამოძიების დასრულებამდე“, - თქვა ლილე ლიპარტელიანმა. მან დაზარალებულის ინტერესების დაცვა და თამთა თოდაძის სხვა სამსახურში დასაქმებაც მოითხოვა.

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის, ლევან ჟორჟოლიანის განმარტებით, რეგლამენტის თანახმად, საკრებულოს წევრისთვის უფლებამოსილების შეჩერება შესაძლებელია, როცა პირს შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, ან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში იმყოფება.

„პროკურატურამ კონკრეტული პირი უნდა ცნოს ბრალდებულად, ხოლო ამის შემდეგ მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. თუ სასამართლო გამოიტანს ამ განჩინებას, იურიდიულ საკითხთა კომისია სამართლებრივ დასკვნას მოამზადებს და საკრებულოს წარუდგენს, რის შემდეგაც დეპუტატს უფლებამოსილება შეუჩერდება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა. მისივე თქმით, ნებისმიერი ძალადობა სრულიად მიუღებელია, თუმცა, საკრებულო გამოძიების დასრულებას დაელოდება და შედეგების მიხედვით მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას.

XS
SM
MD
LG