Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საიას ცნობით, 20-21 ივნისის საქმეზე დაზარალებულად ცნეს 67 სამართალდამცველი და 4 მომიტინგე


20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე, - იტყობინება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ინფორმაციის დაზუსტებით მიზნით საიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა.

მიღებული ინფორმაციის თანახმად:

„შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს 2 საქმეზე, რომლის ფარგლებში აქციის 17 მონაწილეს წარედგინა ბრალი, ხოლო დაზარალებულად 67 სამართალდამცავია ცნობილი;

საქართველოს გენერალურ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდება წარედგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელს, ხოლო შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობილია აქციის 4 მონაწილე.

საია აგრძელებს 20-21 ივნისის მოვლენების შესწავლას და სამართლებრივ შეფასებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს საზოგადოებას", - ნათქვამია საიას ცნობაში.

საქართველოს პარლამენტთან 20-21 ივნისს გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით სულ პასუხისგებაშია მიცემული 19 პირი. მათ შორის არიან პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელია და „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.

XS
SM
MD
LG