Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" გენერალური პროკურორის დიპლომის შესწავლას ითხოვს


საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე
საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეისწავლონ გენერალური პროკურორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის საკითხი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ „თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში“ 1993 წელს ჩააბარა, მაშინ როცა თავად ეს სასწავლებელი 1994 წელს დაფუძნდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ცნობით, შეუსაბამობაა სასწავლებლის დამთავრების თარიღშიც, რადგან დიპლომში 1998 წელია აღნიშნული, ხოლო შალვა თადუმაძეს ბიოგრაფიაში მითითებული აქვს 1999 წელი.

„აღსანიშნავია ასევე ადმინისტრაციული ორგანოების ის საეჭვო ერთსულოვნება, რომლითაც ისინი მრავალი თვის განმავლობაში სხვადასხვა მოტივით უარს გვეუბნებოდნენ თადუმაძის დიპლომის ასლის მოწოდებაზე. არსებული მიგნების საფუძველზე, აუცილებელია, შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა შეისწავლონ გენერალური პროკურორის დიპლომი და წარმოადგინონ დასაბუთებული განმარტებები არსებულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეჭვქვეშ დარჩება შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც შალვა თადუმაძე იკავებს ქვეყანაში ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობას და პარალელურად მონაწილეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში, კითხვები მის განათლებასთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ თუ შესაბამისი უწყებები ლეგიტიმურ შეკითხვებს დასაბუთებულ პასუხს არ გასცემენ, დიპლომის ნამდვილობა ეჭვქვეშ დარჩება, რაც მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტებს.

XS
SM
MD
LG