Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაშლის პირასაა „ბრექსიტის“ თაობაზე მოლაპარაკება ლონდონსა და ბრიუსელს შორის


ბორის ჯონსონი და ანგელა მერკელი
ბორის ჯონსონი და ანგელა მერკელი

ბრიტანული მედიის თანახმად, ჩაშლის პირასაა ბრიუსელსა და ლონდონს შორის მოლაპარაკება „ბრექსიტის“ ახალი შეთანხმების თაობაზე. ეს ინფორმაცია სამშაბათს რამდენიმე გამოცემამ გაავრცელა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის, გარემოცვის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.

ცნობებით, სამშაბათს ჯონსონმა სატელეფონო საუბარი გამართა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან.

მერკელი დაჟინებით მოითხოვს, რომ „ბრექსიტის“ შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდია უნდა დარჩეს ევროკავშირის საბაჟო კავშირში, რადგან არ არსებობს ირლანდიის საზღვართან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების სხვა გზა. „თუ ეს არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია, მაშინ შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია არათუ ახლა, არამედ - პრინციპში“, - აცხადებენ ბორის ჯონსონის გარემოცვაში.

ამ დღეებში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა რამდენიმე შესწორება ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებული ძველი, ტერეზა მეის კაბინეტის მიერ შემუშავებული, შეთანხების ტექსტში, რასაც ევროკავშირში ცივად შეხვდნენ.

ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ბრიტანეთთან გრძელდება. თუმცა, ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკმა ემოციური ტვიტით მიმართა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს: „სასწორზეა ევროპისა და დიდი ბრიტანეთის მომავალი, მათი მოქალაქეების უსაფრთხოება და ინტერესები. თქვენ არ გინდათ შეთანხმება, არ გინდათ გადავადება, არ გინდათ გადადება, აბა, რა გინდათ?“ - დაწერა ტუსკმა.

ბორის ჯონსონმა არაერთხელ განაცხადა, რომ, თუ არ მოხდება შეთანხმება ბრექსიტის თაობაზე, ბრიტანეთი ევროკავშირს 31 ოქტომბერს შეთანხმების გარეშე დატოვებს.

ამასთან, ბრიტანეთის პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო კანონი, რომელიც ავალდებულებს ჯონსონს, რომ შეთანხმების ვერმიღწევის შემთხვევაში, ევროკავშირს მისი გადავადება სთხოვოს.

ბრიტანეთის ოპოზიცია შიშობს, რომ პრემიერ-მინისტრი ამ კანონის გვერდის ასავლელი გზის პოვნას შეძლებს.

XS
SM
MD
LG