Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი: ჯანეზაშვილისა და დოლიძის მიმართ თვალსაჩინო იყო არაკორექტული დამოკიდებულება


ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის მონიტორინგის ანგარიშში აღნიშნავს, რომ პროცესის განმავლობაში თვალსაჩინო იყო საბჭოს ცალკეული მოსამართლე წევრების არაკორექტული დამოკიდებულება არამოსამართლე წევრების - ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მიმართ.

ანგარიშის თანახმად, ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს ხშირად აწყვეტინებდნენ შეკითხვებს და წამოძახილებით უშლიდნენ ხელს საქმიანობის განხორციელებაში, თუმცა, ამის მიუხედავად, არამოსამართლე წევრები ახერხებდნენ კანდიდატებისადმი სასურველი შეკითხვების დასმას.

ანგარიშში ხაზგასმულია ის გარემოება, რომ საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან თითქმის ყოველთვის ვლინდებოდა მომეტებული აგრესია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არამოსამართლე წევრები შეკითხვებს სვამდნენ სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანის არსებობასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მიმართ მომეტებული აგრესია და ცინიკური დამოკიდებულება კლანის შესახებ კითხვის დასმისას გამოავლინა ასევე ორმა კანდიდატმაც - მოქმედმა მოსამართლემ, ვლადიმერ კაკაბაძემ და მოქმედმა ადვოკატმა, პაატა შავაძემ.

ანგარიშში, როგორც დისკრიმინაციის გამოხატულება, საგანგებოდაა გამოკვეთილი კანდიდატთა მოსმენების ხანგრძლივობასთან დაკავშირებული უთანხმოება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი უთითებდნენ, რომ ვინაიდან მათ ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ყოველდღიურ რეჟიმში, არასამუშაო საათებში მიმდინარეობის პრაქტიკა მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებდათ სქესის ნიშნით. საბოლოოდ, ეს პრაქტიკა საბჭომ შეცვალა. ნათელია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფორსირებულ რეჟიმში ფუნქციონირებდა მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების გამო. თუმცა, ამ დროსაც არსებობს რიგი გარემოებები, რაც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული. ეს გარემოებები მშობლის ანდა ზრუნვის განმახორციელებელი პირების საჭიროების გათვალისწინების გარდა მოიცავს თავად პროცესის სხვა მონაწილეთა ინტერესების დაცვის საჭიროებასაც. დღის განმავლობაში გასაუბრებების 12 საათიან რეჟიმში წარმართვა ართულებს პროცესის ეფექტურობას“, - აღნიშნულია ანგარიშში.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის მონიტორინგის ანგარიშის წარდგენამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებდა, რომ ომბუდსმენი მისი და ანა დოლიძის მიმართ სექსისტური დამოკიდებულების ფაქტებზე არ რეაგირებდა. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ომბუდსმენის ანგარიშის ის ნაწილი, რომელშიც ორი ურთიერთდაპირისპირებული ჯგუფის არსებობაზეა საუბარი, ზედაპირულია და რეალობას არ შეესაბამება.

„ორი ქალი რომ ერთმანეთს ვიცავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე და ამას მთელი ქვეყანა აკვირდება, სახალხო დამცველის განმარტებით, ეს ჯგუფს ნიშნავს?! მაინტერესებს.

თან აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სიმცირე არის ასეთ დროსო. ვის აქვს ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სიმცირე, სჯობს სახელებით და გვარებით ისაუბროს. ჩემი და ანა დოლიძის ჯგუფი საბჭოში არ არსებობს, ამას ყველა ხედავს. ჩვენ ვიცავთ ერთმანეთს, იმიტომ, რომ არ გვიცავს სახალხო დამცველი. მან აქამდე არც ერთხელ არ დაგვიცვა“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

საქართველოს სახალხო დამცველის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

მასში 2019 წლის 6 მაისიდან 6 სექტემბრამდე პერიოდში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესზე დაკვირვების შედეგებია ასახული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG