თურქეთის ჯარები, თავისუფალი სირიის არმიასთან ერთად მალე გადაკვეთავენ სირიის საზღვარს - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის თანაშემწე.
ჩრდილოაღმოსავლეთ სირიაში ანკარის სამხედრო შეჭრას თან ერთვის გაფრთხილება ამ ადგილებში მყოფი ქურთი გასამხედროებული ძალების მიმართ, რომ მათ ან უნდა შეწყვიტონ მოქმედება, ან თურქეთს "არ დარჩება არჩევანი გარდა იმისა, რომ შეაჩეროს მათი მცდელობა" ხელი შეუშალოს ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლას - აცხადებს თურქეთი.
თურქეთი აპირებს სირიის საზღვრიდან ქვეყნის ტერიტორიაში, 30 კილომეტრის სიღრმეში შექმნას "უსაფრთხო ზონა", ქურთთა ხელმძღვანელობით მოქმედი ძალების წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში. სირიის სისხლიან სამოქალაქო ომში ეს ძალები აშშ-ის მოკავშირეები იყვნენ ამ ადგილებიდან "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტების განდევნის მიზნით ბრძოლაში.
შეტევისთვის მზადებამდე სამი დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლის თურქეთის ოპერაციას, მას შემდეგ, რაც ერდოანთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამ ადგილებში დისლოცირებული აშშ-ის სამხედროები სხვაგან გადაიყვანეს.