Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა თადუმაძე: დაზარალებულად ცნობა არ არის თვლით, იქ 4-ია, აქ 67 და რა ხდება?


ის, რომ 67 პოლიციელი და 4 მოქალაქეა დაზარალებულად ცნობილი, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, არაფერს არ ამბობს, რადგან დაზარალებულები და ბრალდებულები თვლით არ არის, არის მტკიცებულებებით, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, 20 ივნისის საქმის გამოძიებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

შალვა თადუმაძის განმარტებით, რთულია იმ პირების იდენტიფიცირება კადრებშიც კი, ვინც სპეციალური აღჭურვილობებით იმყოფებოდა აქციაზე.

„20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებაში ჩართულია, ერთი მხრივ, შსს, რომელიც ახორციელებს თავისი ქვემდებარეობის მიხედვით გამოძიებას და, მეორე მხრივ, საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, რომელიც სამართალდამცველების მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირებას ახდენს. ზოგადად გამოძიების ნაწილში დაზარალებულების ცნობა არ არის თვლით - იქ 4-ია, აქ 67 და რა ხდება? მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ საკითხზე, რომ შსს ახორციელებს გამოძიებას იმ ნაწილში, რომელიც თავისი საგამოძიებო ხასიათიდან გამომდინარე გაცილებით მარტივია, ვიდრე პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის. უამრავი ვიდეომასალა, რომელსაც გამოძიება ამუშავებს, მოქალაქეების იდენტიფიცირებები გაცილებით უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით იმყოფებოდნენ აღნიშნულ აქციაზე. ის შემთხვევები, სადაც მოხდა იდენტიფიცირება, ყველა ეს პირი ბრალდებულად არის ცნობილი და ის შემთხვევები, სადაც ამ პირების მიერ განხორციელებული ქმედების დაზარალებული გამოიკვეთა, ყველა ის პირი დაზარალებულად ცნობილია“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

გენერალურმა პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებას როგორც მისი, ისე ნებისმიერი ზედამხედველი კურატორის მხრიდან აქვს მითითება, რომ შესაბამისი სტანდარტის შექმნის შემთხვევაში, სწრაფად მოხდეს პირის როგორც ბრალდებულად, ისე დაზარალებულად ცნობა.

„ის, რომ 67 პოლიციელი და 4 მოქალაქეა დაზარალებულად ცნობილი, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, არაფერს არ ამბობს, იმიტომ, რომ დაზარალებულები და ბრალდებულები თვლით არ არის, არის მტკიცებულებებით. მესმის, პოლიტიკური სურათია, რომ 20 ივნისს სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს პროკურატურის და იურიდიული მსჯელობის საგანი არ არის. სახელმწიფო არ არის დანაშაულის ჩამდენი პროკურატურისთვის და იურიდიულად. ეს პოლიტიკური ასპექტია, რომ 20 ივნისს სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა და რეაგირება არ ხდება. ვინ ჩაიდინა კონკრეტულად რა დანაშაული, ეს გამოძიების საკითხია. რაც არ უნდა პოლიტიკური მოთხოვნა იყოს, თუ ადამიანს დანაშაული არ ჩაუდენია და ამის სტანდარტი არ არსებობს, პროკურატურა ბრალს ვერ წაუყენებს“, - განაცხადა თადუმაძემ.

რაც შეეხება გამოძიების ვადებს, როგორც გენერალური პროკურორი ამბობს, ის კონკრეტულ ვადებზე ვერ ისაუბრებს გამოძიების და საქმის სირთულიდან გამომდინარე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, 20-21 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებით, აქციის მონაწილეზე მეტი სამართალდამცავია დაზარალებულად ცნობილი.

საია ინფორმაციას გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყებიდან მიღებული ცნობის თანახმად, შსს-ში 2 საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც აქციის 17 მონაწილეს წარედგინა ბრალი, დაზარალებულად კი 67 სამართალდამცავი ცნეს.

გენერალური პროკურატურის გამოძიების ფარგლებში ბრალდება წარედგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელს, ხოლო შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობილია აქციის 4 მონაწილე.

საიას განცხადების თანახმად, გრძელდება 20-21 ივნისის მოვლენების შესწავლა. ორგანიზაცია სამართლებრივ შეფასებას უახლოეს პერიოდში წარადგენს.

XS
SM
MD
LG