"მე მინდა მივმართო თქვენს თანაკურსელებს... მე მათ ვთავაზობ, ყველას, მთელ თქვენს ჯგუფს, ვინც დაადასტურებს, რომ იყო თქვენი თანაკურსელი. ოღონდ არ მომატყუოთ, მე ხელში მექნება ეს თქვენი დიპლომი. ვინც ასეთ დიპლომს მომიტანს, ყველას ვეპატიჟები თბილისის უმაგრეს სახინკლეში", - ასე მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატს უსმენენ. ამასთან, მთავარ განსახილველ საკითხად იქცა შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის საკითხი.
გოცირიძისვე თქმით, ის შალვა თადუმაძეს მოახსენებს შედეგებს, თუ რამდენი ადამიანი გამოეხმაურება.
„მე მინდა მივმართო თქვენს კურსელებს: მეგონა, იქნებოდა ჯგუფში 20 კაცი, მაგრამ თქვენ ახლა თქვით, რომ იყო რამდენიმე ათეული. ალბათ, მთელი ჩემი ერთი თვის ხელფასი ამით, სამწუხაროდ, აორთქლდება“, - თქვა რომან გოცირიძემ.
სახინკლეში წასვლის „ორგანიზება“ შალვა თადუმაძემ ითავა.
„დავაორგანიზებ, ბატონო რომან“, - მიმართა მან რომან გოცირიძეს.