Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალურ პროკურორს და უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს, შესაძლოა, ყალბი დიპლომი ჰქონდეს


საქართველოს გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შესაძლოა ყალბი დიპლომის მფლობელი აღმოჩნდეს. სახალხო დამცველისა და "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გამოქვეყნებული ორი დამოუკიდებელი ანგარიშით, თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით შეუსაბამობა დგინდება და ის შესაძლოა ვერ აკმაყოფილებდეს კანონის მოთხოვნას.

საქართველოს კანონმდებლობით, მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ადამიანი, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით.

შალვა თადუმაძეს უმაღლესი იურიდიული განათლება შემოიფარგლება "ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში" სწავლით. აქედან მიღებული დიპლომის თანახმად, შალვა თადუმაძემ 5 წელი ისწავლა, 1993-1998 წლებში.

წინააღმდეგობრივი გარემოებები

დიპლომთან წინააღმდეგობაში მოდის რამდენიმე გარემოება:

  • 1993 წელს შალვა თადუმაძე მხოლოდ 15 წლის იყო;
  • CV-ის თანახმად, შალვა თადუმაძემ სკოლა 1994 წელს დაამთავრა.
  • თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი 1994 წელს დარეგისტრირდა.
  • სასწავლებელს სახელწოდება „ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“ 2003 წლის დადგენილებით ეწოდა. დიპლომში კი - რომელიც 1998 წელს უნდა იყოს გაცემული - უკვე ეს სახელწოდება წერია.
  • საარქივო მასალებში დაცულია თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის მხოლოდ 1997-1998 სასწავლო წლის სასწავლო სამუშაო გეგმა, რომელიც მოიცავს 4 (ოთხ) კურსს.

იმ შემთხვევაში, თუ შალვა თადუმაძე უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა არა 1993 წელს, არამედ 1994 წელს და დაამთავრა ის 1998 წელს - როგორც დიპლომშია მითითებული - გამოდის, რომ მან მხოლოდ 4 წელი ისწავლა. ეს კი უთანაბრდება ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს და არღვევს კანონის მოთხოვნას.

ამასთან, შალვა თადუმაძის სწავლის პერიოდი სხვადასხვანაირადაა მითითებული სხვადასხვა ადგილას. მაგალითად:​

შალვა თადუმაძეს ბიოგრაფიაში, ასევე, მითითებული აქვს, რომ სწავლობდა სამთო ინჟინერიას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 1994-1998 წლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პარალელურად სწავლობდა ორ უნივერსიტეტში ორ სრულიად განსხვავებულ ფაკულტეტზე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა, ასევე, აცხადებს, რომ შალვა თადუმაძის დიპლომის შესწავლის მიზნით, არაერთ უწყებას მიმართა - მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციას, პროკურატურას, პარლამენტს, იუსტიციის სამინისტროსა და ადვოკატთა ასოციაციას - თუმცა სხვადასხვა არგუმენტით, ზოგ შემთხვევაში უარგუმენტოდ, პასუხი ვერ მიიღეს.

შალვა თადუმაძის შესახებ

შალვა თადუმაძე საქართველოს მოქმედი გენერალური პროკურორია.

2011-2012 წლებში ის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანი და შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც გახდა.

დღეს შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატად არის წარდგენილი პარლამენტში და ღიად აცხადებს, რომ არჩევის შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს.

2012 წლის შემდეგ, თადუმაძემ და თავისმა ოჯახმა შეიძინა აგარაკი, 2 ბინა, ოფისი და კომეციული ფართი, რაშიც 327 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა.

მის დეკლარაციაში 2012 წლამდე, 8000 დოლარად შეძენილი მხოლოდ ერთი ბინა ფიგურირებს.

რაც შეეხება თადუმაძის ანაზღაურებას, 2018 წელს, მან 89 000 ლარამდე მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG