Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია ალიევს: არ არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ძმურად გადაუწყვეტელი პრობლემები


გიორგი გახარია, ილჰამ ალიევი
გიორგი გახარია, ილჰამ ალიევი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში მისი პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შემთხვევითი არ არის. გიორგი გახარიას თქმით, ამ ვიზიტით მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დაუმტკიცებენ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები.

„ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი შეხვედრები, ძალიან გულწრფელი, ღია საუბრები, რაც ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. აზერბაიჯანი და საქართველო უახლოესი მეგობრები და პარტნიორები არიან. ჩვენი პარტნიორობა მართლაც გასცდა რეგიონულ მნიშვნელობას და საერთაშორისო დონის თემა გახდა, განსაკუთრებით ეკონომიკურ განზომილებაში, ენერგომატარებლების, ტრანსპორტის, ვაჭრობის სფეროებში. საქართველო და აზერბაიჯანი მყარად და ურყევად უჭერენ მხარს ერთმანეთს საერთაშორისო ფორმატებში. რა თქმა უნდა, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია და მადლობას გიხდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ჩვენს მოქალაქეებს შორის ადამიანურ დონეზე ძალიან თბილი და მჭიდრო ურთიერთობები, რომელიც საუკუნეების ისტორიას და კულტურულ ურთიერთობას მოიცავს. როგორც ყოველთვის, დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ვიზიტი, საუბრები და საქმიანი განხილვები იქნება უაღრესად პროდუქტიული და კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს ყველას, ჩვენს მეგობარსაც და მტერსაც, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის იპოვიან სწორ სიტყვებს და გზებს არსებული პრობლემების გადასაწყვეტად“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

„მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი საგარეო ვიზიტით აზერბაიჯანს ესტუმრეთ. ეს მოწმობს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან, - განაცხადა თავის მხრივ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, - ჩვენთვის საქართველო ყველაზე ახლო მეგობარს, მეზობელს და პარტნიორს წარმოადგენს. ჩვენ გვაკავშირებს ისტორია, გეოგრაფია და ჩვენი ურთიერთობების განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი ურთიერთობები ვითარდება და მრავალ სფეროს მოიცავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და წარმატებით ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება და აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით ერთ-ერთი პირველი ინვესტორია. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა, განსაკუთრებით ნავთობის, გაზის, ტრანსპორტის სფეროში, გასცდა რეგიონულ ფარგლებს და საერთაშორისო დონეზე ავიდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხალხთა შორის ურთიერთობებს. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები დიდ როლს ასრულებენ ამ ურთიერთობების განვითარებაში“, - აღნიშნა შეხვედრაზე ილჰამ ალიევმა. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს „ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის თანახმად, მთავრობის ხელმძღვანელის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პრეზიდენტ ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებსა და რეგიონული დატვირთვის პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ.

დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბაქოს ეწვია. აზერბაიჯანი პირველი ქვეყანაა, სადაც გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა მთავრობის მეთაურის სტატუსით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG