Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაჯიმბა: რუსეთთან დაახლოების ვექტორი ურყევია


რაულ ხაჯიმბა
რაულ ხაჯიმბა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მიიჩნევს, რომ „აფხაზეთი რჩება მნიშვნელოვან მოთამაშედ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში“. ამის შესახებ მან 9 ოქტომბერს, სოხუმში განაცხადა „პრეზიდენტის ფიცის“ დადების შემდეგ ჯერ აფხაზურ, შემდეგ კი რუსულ ენაზე გამოსვლისას.

რაულ ხაჯიმბას თქმით, აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის სრული მხარდაჭერით სარგებლობს და მოსკოვთან გაფორმებული „მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების“ ფარგლებში უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი სოციალურ-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურის განვითარების და ერთიანი თავდაცვის და უსაფრთხოების განმტკიცების სფეროებში.

„რუსეთთან დაახლოების ვექტორი მყარი და ურყევია“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

რაულ ხაჯიმბამ „მაგისტრალური ამოცანა“ უწოდა აფხაზეთის შემდგომ საერთაშორისო აღიარებას. „დარწმუნებული ვარ, სირიის მხრიდან აღიარებას მოჰყვება სხვა სახელმწიფოების ანალოგიური აქტები“, - თქვა მან.

დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, აფხაზეთი გახსნილია მეგობრობისა და კეთილი ურთიერთობებისთვის ყველა ქვეყანასთან, მაგრამ არასდროს ივიწყებს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს.

რაულ ხაჯიმბას მიერ ე.წ. პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრნენ რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, დნესტრისპირეთის, მთიანი ყარაბაღის, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკების წარმომადგენლები.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს ჩატარდა. გამარჯვებულად გამოცხადდა მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, რომელსაც ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმა მისცა 47.39%-მა. ე.წ. არჩევნების შედეგები არ აღიარა ხაჯიმბას ოპოზიციამ, რომლის კანდიდატი იყო პარტია „ამცახარის“ ლიდერი ალხას კვიცინია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG