Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე: მივიღეთ ტყუილების ქვეყანა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა


მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე

თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი და ბადრი ჯაფარიძის სისხლის სამართლის საქმის პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ტყუილების ქვეყანა შექმნა. მამუკა ხაზარაძე ამბობს,რომ თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ეს ტყუილები დაამარცხოს:

„იმდენად აბსურდია ეს ყველაფერი კომენტარის გაკეთებაც არ მინდა. რაც შეეხება მთლიან სურათს, ჩვენ მივიღეთ ტყუილების ქვეყანა, ჩვენ ვცხოვრობთ უკვე პრაქტიკულად ტყუილების ქვეყანაში და ეს არ ეხება მარტო ჩვენს საქმეს. ეს ქვეყანა შექმნა ბიძინა ივანიშვილმა: ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი, ტყუილი ურთიერთობები, ტყუილი დაპირებები და მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ეს ტყუილი დავამარცხოთ ამ ქვეყანაში, ეს ტყუილი განვდევნოთ, გავწმინდოთ და გამჭვირვალე გავხადოთ ყველა ის ურთიერთობა, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტებს სჭირდება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენი შვილებისა და ჩვენს მომავალს სჭირდება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10 ოქტომბერს 11 საათზე დაიწყო წინასასამართლო სხდომა „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საქმეზე. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.

გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 2019 წლის ივლისში. აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურამ ამ ზომას უწოდა „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღება“.

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ 700 000-700 000 ლარის გირაო.

9 ოქტომბერს, მამუკა ხაზარაძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ „ხვალიდან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიტაცებულ სასამართლოში გადაინაცვლებს მისივე პირადი იურისტის, უდიპლომო გენერალური პროკურორის - შალვა თადუმაძის მიერ თეთრი ძაფით შეკერილი საქმე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც კანონთან, არც სამართალთან, არც საღ აზრთან! ხვალიდან იწყება ეს პროცესი, მაგრამ ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესი, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG