Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი ჯაფარიძე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ ორგანიზებული პოლიტიკური ანგარიშსწორება


"ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ ორგანიზებული პოლიტიკური ანგარიშსწორება მამუკა ხაზარაძის და ჩემს მიმართ, რასაც ეწირება საქართველოს ინტერესები, ამის გამო უზარმაზარ ზიანს იღებს სახელმწიფო ინტიტუციები და თითოეული მოქალაქე", - განაცხადა „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ.

ჯაფარიძის სიტყვებით, ივანიშვილისთვის პრიორიტეტია მათ მიმართ ანგარიშსწორება, რისთვისაც იყენებს პროკურატურას და „მის მთავარ პროკურორს, რომლის განათლება და მორალი, რბილად რომ ვთქვათ. ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს“.

„რაც მთავარია, მეთოდი, რომელსაც იყენებს ბიძინა ივანიშვილი, ეს არის კარგად აპრობირებული მეთოდი ავტოკრატიების მიერ, როდესაც ფულის გაეთეთრების დაბრალებით ხდება პოლიტიკური ოპონენტების დევნა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

მისი თქმით, ბრძოლა იქნება შეუპოვარი და უკომპრომისო.

გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 2019 წლის ივლისში. აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურამ ამ ზომას უწოდა „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღება“.

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ 700 000-700 000 ლარის გირაო.

XS
SM
MD
LG