„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს უწოდა საბჭოთა მენტალიტეტის, და მმართველი პარტიის წევრებს მიმართა, რომ უნდა შერცხვეთ.
„არანაირი კანონდარღევვა არ ყოფილა არასდროს. ჩვენ ვართ აბსოლუტურად სუფთა არა მარტო ამ საქმეში, არამედ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენ ბიზნესს ვაკეთებთ, მე და ბადრი და მთელი ჩვენი გუნდი. შესაბამისად, ამ თემაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ.
ხაზარაძის შეფასებით, ფაქტია, რომ საქმე აქვთ ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიულ მმართველობასთან“ და „მის კერძო, უდიპლომო და უცოდინარ ადვოკატთან“, რომელიც დღეს დანიშნულია გენერალურ პროკურორად.
„ასეთივე უცოდინარი პროკურორები ურცხვად ითხოვდნენ საქმიდან ამოღებას მტკიცებულებებისა, რომელიც მოიპოვეს ჩვენმა ადვოკატებმა. ეს ხალხი არ არის ღირსი, რომ საქართველოს ემსახუროს. არ არის ღირსი ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სამართალი ჰქონდეს. ჩვენ ამ სიტუაციას შევცვლით. დავტოვებთ ღირსეულ ადამიანებს. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს ღირსეული იურისტები, ღირსეული მოსამართლეები, რომლებსაც ერთი დამპალი ვაშლის ამბავი რომ არის, რომელიც მთელ კალათას ალპობს და აფუჭებს. ამ სისტემას ჩვენ გავწმენდთ და დავტოვებთ ამ ქვეყანას ღირსეული, წესიერი ადამიანების ხელში. ამას გპირდებით ჩემი გუნდის სახელით“, - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძემ.
მან ბიძინა ივანიშვილს უწოდა საბჭოური მენტალიტეტის და თქვა, რომ ივანიშვილი საქართველოში ახორციელებს „რუსეთში ნასწავლ რეიდებს“ და ორი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში იძლეოდა ტყუილ დაპირებებს.
„მინდა „ოცნების“ წევრებს ვუთხრა, ცოტა შეგრცხვეთ, სად დგახართ. თქვენ შვილებს შეხედეთ თვალებში. რას პირდებოდით ხალხს, რა მივიღეთ რეალურად. ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად დიდი ჭაობი“, - განაცხადა ხაზარაძემ.
10 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა წინასასამართლო სხდომა ხაზარაძე-ჯაფარიძის ბრალდების საქმეზე. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.
ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 2019 წლის ივლისში. აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურამ ამ ზომას უწოდა „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღება“.
„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ 700 000-700 000 ლარის გირაო.
2019 წლის სექტემბერში მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" და პარტიის დაფუძნებასაც გეგმავენ.