Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთს სირიაში სამხედრო ოპერაციისთვის აკრიტიკებენ, ერდოანისგან საპასუხო კრიტიკა გაისმის


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გააკრიტიკა ევროკავშირისა და არაბული სახელმწიფოები, რომლებმაც დაგმეს ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაწყება. ტელემიმართვაში მან გააფრთხილა ევროკავშირი, რომ თუკი ის სირიაში თურქეთის სამხედრო ინტერვენციას ოფიციალურად ცნობს უკანონოდ, თურქეთმა შეიძლება გახსნას ევროკავშირის ქვეყნებთან სასაზღვრო-გამშვები პუნქტები და, მისი სიტყვებით, 3 მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილი ევროპაში შეუშვას.

მან ასევე მწვავედ გააკრიტიკა ეგვიპტე, რომლის პრეზიდენტ ალ-სისის უწოდა „მკვლელი, რომელმაც თავის ქვეყანაში დემოკრატია მოკლა“. ხოლო საუდის არაბეთი მან დაადანაშაულა იემენში მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვაში.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე პირობა დადო, რომ არ დაუშვებს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობას რეგიონში, რომელიც თურქეთის სამხედროების კონტროლქვეშ უდა გადავიდეს.

ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე ოპერაცია მან ახსნა „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლით“. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო მოქმედებების პირველი დღე-ღამის განმავლობაში მოკლულია ქურთული სამხედრო შენაერთების 100-ზე მეტი წევრი. ამ ფორმირებებს თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს. ერდოანის თქმით, ოპერაციის პირველი დღის ყველა ამოცანა შესრულებულია. თურქეთის სამხედროები ადრე იტყობინებოდნენ, რომ დაიწყეს სამხედრო ოპერაცია და დაკავებულია 10-ზე მეტი დასახლებული პუნქტი.

ქურთული რაზმების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ზარალი მიაყენეს თურქეთის მოიერიშე ჯარებს ასევე ისინი იტყობინებიან სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ.

დღეს გრძელდება ავიადარტყმები და ბრძოლები.

თურქეთმა ოთხშაბათს დაიწყო ჩრდილოეთ სირიაში ქურთული რაზმების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია. მსოფლიოს რიგმა სახელმწიფოებმა დაგმეს თურქეთის მოქმედება. აშშ-ის სენატორები ანკარის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებენ და მიუთითებენ იმაზე, რომ ქურთები აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეები იყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG