კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორი, გიორგი კორძახია ამბობს, რომ თბილისის საკრებულოს წევრის, ისნის მაჟორიტარის, ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა არასტანდარტულად მიმდინარეობს, რაც გახდა მისი ჰოსპიტალიზაციის გაგრძელების მიზეზი:
„ჩვენ დაგვჭირდა ახალი მედიკამენტის დამატება და ეს განაპირობებს გახანგრძლივებულ ჰოსპიტალიზაციას. ნიტროგლიცერინი და ნიტრატები დაემატა მკურნალობაში.
სრული დიაგნოზი მისი არის კორონალური სინდრომის გამწვავება. ალბათ უახლოეს 2-3 დღეში არის რეალისტური მისი გაწერა, თუმცა თუ შეიქმნება ახალი რეალია, შესაბამისად შეიცვლება ჩვენი მიდგომაც“, - განაცხადა გიორგი კორძახიამ. ექიმის განმარტებით, კლინიკა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დოკუმენტაცია პაციენტ ილია ჯიშკარიანის ავადობაზე სრულად არის ნაწარმოები.
ექიმი ამბობს, რომ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლოს კლინიკის ტერიტორიაზე გამართვის რეკომენდაცია „ნიუ ჰოსპიტალსმა“ გასცა.
„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ პაციენტი უნდა იყოს ტერიტორიაზე, ჰოსპიტალიზაციის პირობებში, ჩვენ ვერ გავცემთ რეკომენდაციას, რომ იმან დატოვოს ტერიტორია“, - უთხრა „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა, გიორგი კორძახიამ ჟურნალისტებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული საკრებულოს დეპუტატის სასამართლო სხდომა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაიმართება.
საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, ერთი კვირაა, მკურნალობის კურსს კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადის. ის უარყოფს თავისი თანაშემწის, თამთა თოდაძის ბრალდებას სექსუალური ძალადობის შესახებ და ამბობს, რომ "ამ ამბით შოკირებულია".
სისხლის სამართლის საქმე თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიმართ ორი მუხლითაა აღძრული: 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
როგორც თამთა თოდაძის ადვოკატი, თამარ ლუკავა ეუბნება რადიო თავისუფლებას, პროკურატურამ ილია ჯიშკარიანისათვის გირაოს შეფარდება მოითხოვა.
დაზარალებული მხარე ეწინააღმდეგება პროკურატურის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ ილია ჯიშკარიანს პატიმრობა უნდა შეეფარდოს.