ირანის ნავთობის ტანკერზე, რომელიც წითელ ზღვაში იმყოფებოდა საუდის არაბეთის ნაპირებთან, აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაზარალებულა.
ირანის სააგენტო ISNA იტყობინება, რომ აფეთქება შესაძლოა ტერაქტი იყო, მაგრამ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება. თავად ირანის ეროვნული სანავთობო კომპანია, რომელსაც ეკუთვნის ტანკერი, აცხადებს, რომ გემს ორი რაკეტა ესროლეს. აფეთქების შემდეგ ნავთობი ზღვაში ჩაიღვარა, მაგრამ ნავთობის ნაკადი შეწყვეტილია და ხომალდი სტაბილურ მდგომარეობაშია.
მიმომხილველები შენიშნავენ, რომ დღევანდელ ინციდენტს წინ უსწრებდა რეგიონში მსგავსი შემთხვევები. უკანასკნელი თვეების განმავლობაში აშშ-მა ირანს ბრალი დასდო ნავთობის ტანკერებზე თავდასხმებში ორმუზის სრუტეში. თეირანი ამ ბრალდებებს უარყოფს.