ნობელის კომიტეტმა მშვიდობის დარგში 2019 წლის ნობელის პრემიის ლაურეატად დაასახელა ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი აბი აჰმედ ალი. ეს ჯილდო მას მიენიჭა მეზობელ ერითრეასთან კონფლიქტის მოგვარებისთვის.
წელს პრემიაზე წარდგენილი იყო 200-ზე მეტი ადამიანი და 85 ორგანიზაცია. სრული სია, ტრადიციისამებრ, გასაიდუმლოებულია.
ფავორიტებს შორის ექსპერტები ასახელებდნენ ახალგაზრდა აქტივისტებს, ილვად ელმანს სომალიდან და ჰაჯერ შარიფს ლიბიიდან. ასევე ჰონგ-კონგელ აქტივისტ ნათან ლაუს. კანდიდატთა შორის ხშირად მოიხსენიებოდა ეკოლოგიური სფეროს შვედი აქტივისტი გრეტა თუნბერგი.
ალფრედ ნობელის ანდერძის თანახმად, პრემია ენიჭება პირს, „ვინც უდიდეს წარმატებას მიაღწია, ან სხვაზე მეტი გააკეთა ხალხების შეკავშირებისა და მოქმედი ჯარების შემცირების, ასევე სამშვიდობო კონგრესების ჩატარებისა და მათ მიმართ ყურადღების გაზრდის საქმეში“.
შარშან ეს ჯილდო მიიღო ქირურგმა კონგოდან დენი მუკვეგემ და ადამიანის უფლებების დამცველმა ნადია მურადმა.