Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ყველამ თავის დამოუკიდებლობაზე ისაუბროს“ - უპასუხა მდინარაძეს მოსამართლეობის კანდიდატმა, ვლადიმერ კაკაბაძემ


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ვლადიმერ კაკაბაძემ არ უპასუხა მამუკა მდინარაძის შეკითხვას - „რამდენად თავისუფალი იყო სასამართლო 2006 წელს, როდესაც თქვენ მოსამართლე გახდით და შემდეგ წლებში“.

ამ შინაარსის შეკითხვა კანდიდატს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დაუსვა 11 ოქტომბერს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე.

ვლადიმერ კაკაბაძემ განაცხადა, რომ შეფასებებს ვერ გააკეთებს, რადგან ეთიკური სტანდარტები ზღუდავს. კანდიდატი ამბობს, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე შეუძლია ლაპარაკი და აღნიშნავს, რომ პირადად ის ყოველთვის თავისუფალი იყო.

„უნდა გამიგოთ, რომ ძალიან დიდი ეთიკური სტანდარტით ვარ შეზღუდული, როგორც მოქმედი მოსამართლე და... მე გეტყვით, რომ მე ჩემს გადაწყვეტილებებში ვიყავი თავისუფალი - ეს მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო. თავისუფალი ვიყავი მაშინაც და დღესაც... და რაიმე ზემოქმედება არ ყოფილა ჩემთან დაკავშირებით“.

მამუკა მდინარაძე ცდილობდა, განემარტა ვლადიმერ კაკაბაძისთვის, რომ ამ შეკითხვას მას უსვამს არა როგორც მოსამართლეს, არამედ როგორც მოქალაქესა და საზოგადოების წევრს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა შეკითხვის შინაარსი სხვადასხვა ფორმით არაერთხელ გაიმეორა, თუმცა კანდიდატი მაინც საკუთარ პოზიციაზე დარჩა და შეკითხვას პირდაპირ არ უპასუხა.

„მე ამ საკითხზე გეტყვით შემდეგნაირად, რომ ბოლო წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, დღეს სასამართლო არის უფრო ძლიერი და ინსტიტუციურად უფრო დამოუკიდებელი“, - განაცხადა ვლადიმერ კაკაბაძემ.

მდინარაძე: „დღეს - გავიგე (რომ ასეა) და მაშინ?“

კაკაბაძე: მე არ მინდა, რომ სხვა პირებზე ვისაუბრო, ყველამ თავის დამოუკიდებლობაზე ისაუბროს. მე ვარ დღეს თქვენ წინაშე...“

მდინარაძე: „ყველა მოდის და თავის თავზე ამბობს - დამოუკიდებელი ვიყავიო...“

კაკაბაძე: „მზად ვარ ჩემს მიერ განხილულ ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებით ვისაუბრო...

შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს უთხრა, რომ აღარ აპირებს „უხერხულ მდგომარეობაში“ მის ჩაყენებას და მხოლოდ ერთი „დამაზუსტებელი კითხვით“ შემოიფარგლება.

„როგორ ხდება ისე, რომ ყველა მოსამართლე მოდის, რომელიც ამ წლებში მუშაობდა - ყველა ამბობს, მე პირადად დამოუკიდებელი ვიყავი და არ შემხებია არაფერი, არანაირი ზეწოლა... ამბავი მაინც არ გაგიგიათ, რომ რაღაც არ ხდებოდა ისე სასამართლოში?! ამაზე რბილად როგორ ვიკითხო, არ ვიცი“, - ასეთი იყო მამუკა მდინარაძის შეკითხვა.

„მე მაინც გეტყვით იმას, რომ ამ ჭრილში, რა ჭრილშიც თქვენ მეკითხებით... და სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასება და შეფასება იმ პერიოდის, რაზეც თქვენ საუბრობთ...“, - პასუხის გაცემა ამ სიტყვებით დაიწყო ვლადიმერ კაკაბაძემ, თუმცა მამუკა მდინარაძემ მას შეაწყვეტინა სიტყვებით: - „უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უნდა გახდეთ და არ მინდა დარჩეს ვიღაცას შთაბეჭდილება, მხარი რომ დაგიჭიროთ, ამ შემთხვევაში, რომ თქვენ საერთოდ არ საუბრობთ რაღაც პერიოდზე სასამართლოს შესახებ“.

მე, რა თქმა უნდა, ამის შეფასება არ მიჭირს... მაგრამ მე ამას ასე ვერ ვიტყვი - ეთიკის წესებით ვარ შეზღუდული... თავისთავად ცხადია, მასმედიით და სხვადასხვა სატელევიზიო საშუალებებით, მე როგორც მოქალაქე... რაღაც ინფორმაცია... ბუნებრივია, ეს ინფორმაცია მოდიოდა, მაგრამ ამის შეფასებას მე აქ ვერ გავაკეთებ“, - ამ თემასთან დაკავშირებით ვლადიმერ კაკაბაძის საბოლოო პასუხს მოჰყვა მამუკა მდინარაძის რეპლიკა - „გასაგებია, არ პასუხობთ ამაზე“.

ვლადიმერ კაკაბაძე უკვე მეათე კანდიდატია, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უსმენენ.

ვლადიმერ კაკაბაძე ამჟამად (2019 წლის ივლისიდან) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. 2006 წლის აგვისტოდან 2019 წლის ივლისამდე ის მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.

ვლადიმერ კაკაბაძე: „ყველამ თავის დამოუკიდებლობაზე ისაუბროს“
please wait

No media source currently available

0:00 0:06:06 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG