Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თურქეთში მიემგზავრება


ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი
ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის დავალებით გაემგზავრება თურქეთში, რათა მოლაპარაკებებით მიაღწიოს სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას.

პენსის ინფორმაციით, 14 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აშშ აღარ აპირებს მოითმინოს სირიაში თურქეთის შეჭრა და ანკარას ძალადობის შეწყვეტისა და მოლაპარაკებისკენ მუწოდებს. მაიკ პენსის განცხადებით, აშშ-ს თურქეთისთვის სირიაში სამხედრო ოპერაციის დასაწყებად თანხმობა არ მიუცია.

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია მწვავედ გააკრიტიკა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ. მისი განცხადებით, ტრამპმა თურქეთს მწვანე შუქი აუნთო ამერიკელების პარტნიორ ქურთებზე შეტევისთვის და უღალატა ათასობით მებრძოლს, რომელბმაც სიცოცხლე გაწირეს „ისლამური სახელმწიფოს“ ბარბაროსობისგან მსოფლიოს დასაცავად.

ქურთების შეიარაღებული ფორმირებები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად იბრძვიან სირიაში ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. სირიელ ქურთებს თურქეთის მთავრობა მიიჩნევს მის მიერ ექსტრემისტულად გამოცხადებული და აკრძალული ორგანიზაციის, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად.

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 9 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ თურქეთის ჯარებმა სირიის ჩრდილოეთში დაიწყეს ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც მიმართულია ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG