Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამთა თოდაძე და მისი ადვოკატი დებატებში მონაწილეობას არ მიიღებენ


„ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები. ჩვენ არ ვართ ჩართულნი საარჩევნო მარათონში. ჩვენ ვართ ადვოკატები სისხლის სამართლის უმძიმეს საქმეზე და წარმოუდგენელია, ასეთი ტიპის მძიმე დანაშაულის შემდეგ, დაზარალებულს მოსთხოვო, რომ გამოვიდეს და უპასუხოს ბრალდებულის ადვოკატის კითხვებს“, - ასე პასუხობს თამარ ლუკავა, სექსუალური ძალადობის საქმეში დაზარალებულად ცნობილი თამთა თოდაძის ადვოკატი, ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის ინტერესების დამცველს, მარიამ კუბლაშვილს, რომელმაც თამთა თოდაძე და მისი ადვოკატი პირდაპირ ეთერში, ღია დებატებში გამოიწვია.

თამარ ლუკავას თქმით, თამთა თოდაძე ყველა დასმულ შეკითხვას პასუხს გასცემს სასამართლო სხდომაზე:

„თვით საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ დაზარალებული სასამართლო პროცესზე იკითხება მხოლოდ ერთხელ და ის სრულ ინფორმაციას აძლევს სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულის მხარეს. არანაირ დებატებში მიწვევას არ ვეთანხმებით. შეგვიძლია ვუპასუხოთ მარიამ კუბლაშვილს, რომ მის შეკითხვებს თამთა სასამართლო პროცესზე უპასუხებს“.

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა თამთა თოდაძე და მისი ადვოკატი ღია დებატებში 14 ოქტომბერს, „ფეისბუკის“ საშუალებით გამოიწვია.

ადვოკატმა მიმართა ტელეკომპანია „მთავარს“, მის ხელმძღვანელსა და წამყვანს, ნიკა გვარამიას, დაუთმოს პირდაპირი ეთერი რეზონანსული საქმისადმი მიძღვნილ დებატებს.

თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე სექსუალურ ძალადობასა და ცემაში ადანაშაულებს. სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლითაა აღძრული.

წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG