რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის თქმით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვადას წლის ბოლომდე მისცემენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გვაძლევს სრულ უფლებას, მოვშალოთ იგი დღესვე იმის გათვალისწინებით, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ვერ შეასრულა ვერც საკუთარი კაპიტალის მოპოვების ვალდებულება და ვერც ბანკებთან წინასწარი შეთანხმების წარმოდგენის ვალდებულება, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროექტი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რომ ჩვენ არც ერთ ოპონენტს, მათ შორის კონსორციუმს და არც პოლიტიკურ ოპოზიციას, ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მთავრობას დააბრალონ რაიმე სახის ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ამ პროექტის განხორციელებაში, ჩვენ არ ვისარგებლებთ ამ უფლებით და ჩვენ მივცემთ კონსორციუმს საშუალებას ბოლომდე ამოწუროს თავისი რესურსი და 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს და მოიპოვოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ასევე საერთაშორისო ბანკებიდან სახსრები“, - თქვა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
15 ოქტომბერს ამოიწურა ვადა, როდესაც ინვესტორს უნდა წარმოედგინა სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა კაპიტალის სრულად შევსებას. გარდა ამისა, მას უნდა წარმოედგინა წინასწარი, არასავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეეხებოდა სასესხო დაფინანსების მოპოვებას ბანკების მხრიდან.
დაწერეთ კომენტარი