Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ლილუაშვილი: ქვეყნის ყველაზე მთავარი გამოწვევა რუსული ოკუპაციაა


გრიგოლ ლილუაშვილი
გრიგოლ ლილუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი განიხილავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას. მანამდე ლილუაშვილი ამ სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

სუს-ის ახალი ხელმძღვანელის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ამ სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა 2019 წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მთავრობაში. პრემიერ-მინისტრმა სუს-ის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა პარლამენტს 7 ოქტომბერს წარუდგინა.

16 ოქტომბერს, საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას გრიგოლ ლილუაშვილმა ქვეყნისთვის ყველაზე მთავარ გამოწვევად რუსული ოკუპაცია დაასახელა.

„ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განთავსებული რუსეთის შეიარაღებული ძალები და მათი სპეცსამსახურები თავისთავად წარმოადგენენ მნიშვნელოვან გამოწვევას ჩვენი ქვეყნისათვის“, - განაცხადა ლილუაშვილმა. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარება საკმაოდ რთულია და სუს-ის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ადგილზე არსებული მყიფე, თუმცა მართვადი სტაბილურობის შენარჩუნება.

გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საოკუპაციო ძალები ყოველდღიურად ახორციელებენ უკანონო ქმედებებს - „ბორდერიზაციას“, გადაადგილების უკანონო შეზღუდვას და უკანონოდ დაკავებას და ეს ინსტრუმენტები ხშირად გამოიყენება არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოზე, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაზე ზემოქმედების ერთ-ერთ ბერკეტად: „აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა სოფელ გუგუტიანთკარში და ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები. ასევე, საქართველოს მოქალაქეების - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული საქმეები. ზემოაღნიშნული საკითხების განხილვისას ცენტრალურ ხელისუფლებასა და ჩვენს პარტნიორებთან რუსეთის ფედერაციამ და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა აირჩიეს ულტიმატუმისა და მუქარის ენა და მიზანმიმართულად დააზიანეს მოლაპარაკების არსებული ფორმატები“.

გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, მიუხედავად ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საერთაშორისო პარტნიორების - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ეუთოსა და გაეროს დახმარებით აგრძელებს ადგილზე მუშაობას მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით.

ამასთან, ლილუაშვილმა აღიარა, რომ ეს მუშაობა ძალიან ეფექტური არ არის, რადგან რუსეთის და დე ფაქტო ხელისუფლებათა ულტიმატუმების და მუქარის ტონით საუბრის გამო, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის და ჟენევის შეხვედრები მეტწილად, ნაკლებად შედეგიანია.

„რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ყველაზე მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა, ბოლო წლების სამწუხარო, საერთაშორისო გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ რუსეთის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართული კონფლიქტები წარმოადგენს ოფიციალური მოსკოვის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს, რომელთან გამკლავება საერთაშორისო პარტნიორების სათანადო ჩარევის, მხარდაჭერისა და ადეკვატური რეაგირების გარეშე პრაქტიკულად, შეუძლებელია“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

სუს-ის უფროსობის კანდიდატმა ისიც თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტიცაა.

გრიგოლ ლილუაშვილის შეფასებით, რუსეთი საქართველოში მოქმედებს ჰიბრიდული ომის ხუთი ძირითადი ინსტრუმენტით: საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო რეჟიმები, საინფორმაციო ომი, რბილი ძალა, ეკონომიკური ექსპანსია და ფარული ოპერაციები.

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა გრიგოლ ლილუაშვილმა 1998 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და 2001 წელს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.

1998 წლიდან, სხვადასხვა დროს მუშაობდა ავიაკომპანია „აირზენაში", საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტებში და ასოციაცია „ატუ“-ში. 2015-2016 წლებში იყო „ქართუ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი და „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2016 წლის იანვრიდან შვიდი თვის განმავლობაში მუშაობდა თბილისის მერის მოადგილედ, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.

გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტი 2017 წელს დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG