Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ანაკლიის კონსორციუმი“ მთავრობას მოლაპარაკებების მაგიდასთან იწვევს


რა თქმა უნდა, ხელშეკრულების არშეწყვეტის გადაწყვეტილება მისასალმებელია, მაგრამ ახლა საჭიროა, რომ ორივე მხარე და, მათ შორის, მთავრობაც ერთობლივი ძალისხმევით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდის გარშემო და გადავჭრათ ყველა ის არსებული საკითხი, რომელიც გადასაჭრელია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ბრიფინგზე, სადაც გამოეხმაურა ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად სამინისტრო „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტაზე უარს ამბობს და ვალდებულებების შესასრულებლად ვადას წლის ბოლომდე აძლევს.

„რა თქმა უნდა, თვითონ არშეწყვეტის გადაწყვეტილება მისასალმებელია, მაგრამ ახლა, საჭიროა, რომ ორივე მხარე და, მათ შორის, მთავრობაც, ერთობლივი ძალისხმევით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდის გარშემო და გადავჭრათ ყველა ის არსებული საკითხი, რომელიც გადასაჭრელია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე იქნება გაგრძელებული მათი პარტნიორული დამოკიდებულებით. ჩვენ მზად ვართ, რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და კიდევ ერთხელ ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც არის გადასაჭრელი“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

მისი თქმით, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ინვესტორებთან დაკავშირებითაც.

„ინვესტორებთან მიმართებით ნაბიჯებია გასაკეთებელი, თუნდაც წერილი გასაგზავნი, შეხვედრაა ჩასატარებელი. ასევე ვფიქრობ, დაუყოვნებლივ შეხვედრაა ჩასატარებელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ის საკითხები, რომლებიც აქამდეც იყო, ეს ყველაფერი მოლაპარაკების მაგიდის გარშემო ერთობლივი ძალებითაა გადასაწყვეტი“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ის გამოეხმაურა მთავრობისადმი 10 ოქტომბერს გაგზავნილი წერილის გასაჯაროების საკითხსაც და განმარტა, რომ, ჯერჯერობით, ეს არ იგეგმება.

„ეს არის წერილი, რომელიც დაიწერა იურისტების მიერ, კონკრეტული ხელშეკრულების პუნქტების გათვალისწინებით და, ასე ვთქვათ, ამ დაძაბული ვითარების ფონზე. ჩვენ ვთვლით, რომ თუ მთავრობა გადადგამს ნაბიჯებს მოლაპარაკების წარმართვაზე და წამოვა დიალოგისკენ, ამ წერილის ამ ეტაპზე გასაჯაროება დააზიანებს პროცესებს“, - განაცხადა ახვლედიანმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 10 ოქტომბერს მთავრობას წერილი გაუგზავნა, რომელშიც, როგორც კონსორციუმში აღნიშნავენ, პროექტის წინ წაწევის გეგმაზე იყო საუბარი. თუმცა, თავის მხრივ, ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ წერილი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ხედვებს არ მოიცავს.

მთავრობა "ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას არ წყვეტს, ვალდებულებების შესასრულებლად ვადას წლის ბოლომდე იძლევა.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე, სადაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ ვალდებულებების შესრულების ვადის ამოწურვას და ამასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. განაცხადა, რომ "ეს უნდა იყოს ბოლო შანსი" კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესასრულებალდ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ მთავრობას იმის ნაცვლად, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა ანაკლიის პროექტისთვის, ბოლო რამდენიმე თვისა და კვირის განმავლობაში სამინისტრომ მისი „საბოტაჟირება“ მოახდინა. მისივე თქმით, კონსორციუმმა სამინისტროს ჩააბარა დოკუმენტაცია კონკრეტული ხედვებით და მთავრობას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდებდა.

15 ოქტომბერს ამოიწურა ვადა, როდესაც ინვესტორს უნდა წარმოედგინა სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა კაპიტალის სრულად შევსებას. გარდა ამისა, მას უნდა წარმოედგინა წინასწარი, არასავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეეხებოდა სასესხო დაფინანსების მოპოვებას ბანკების მხრიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG