Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ ჟურნალისტებს საოკუპაციო ხაზისკენ გადაადგილება შეუზღუდა


ატოცი
ატოცი

სამართალდამცავები მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცისკენ. პოლიციამ ჟურნალისტები გააჩერა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქშაქეთის საგუშაგოსთან. იქ იმყოფებიან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებიც, რომლებიც რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად ატოცში მიდიოდნენ. პოლიციამ მათ გადაადგილების უფლება მისცა, მაგრამ მოძრაობის წარმომადგენელმა ჯანო ჟვანიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებენ და მათთან ერთად საგუშაგოსთან რჩებიან.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი გვეუბნება, რომ სამართალდამცავები გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ნორმალურ პასუხს არ სცემენ. საგუშაგოსთან იმყოფებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის, „რუსთავი 2“-ის და რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. ჟურნალისტები ატოცის მიმართულებით მიდიოდნენ საოკუპაციო ხაზთან, ჩორჩანა-წაღვლი-ყობის ტყეში შექმნილი ვითარების გასაშუქებლად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ვითარებას არკვევენ.

დაახლოებით ერთი თვის წინ, მედიასაშუალებებს სამინისტროდან აცნობეს, რომ 24 საათით ადრე უნდა შეატყობინონ, თუ კონფლიქტის ზონაში გადაადგილებას გადაწყვეტენ. შსს ჟურნალისტებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, ტრადიციულად, მათივე უსაფრთხოების მიზნით ხსნის.

15 ოქტომბერს, მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ოკუპანტები ყობისკენ დაიძრნენ და ძალიან დიდი ალბათობით დღის ბოლომდე ყობი მოექცევა საოკუპაციო ხაზის შიგნით“.

15 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანისა და წაღვლის მიმდებარედ აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესში გამოიხატება, ყობის ტერიტორიაზე კი „ბორდერიზაცია“ არ მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG