Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეფორმა ავტობუსების, მეტროს და ტრამვაის განვითარებით უნდა დაიწყოს


თბილისის მერიის ინიციატივით დედაქალაქში ტაქსების თეთრად გადაღებვამ ვნებათეღელვა გამოიწვია. თბილისის მაცხოვრებლებს ეს ცვლილება სხვადასხვა მიზეზით აღელვებთ: ტაქსების გადაღებვამ შესაძლოა ტაქსების გაძვირება გამოიწვიოს (თუ უკვე არ გამოუწვევია), ტაქსისტების ნაწილი შესაძლოა უმუშევარი დარჩეს (თუ უკვე არ დარჩენილა), დედაქალაქში შესაძლოა ტაქსების დეფიციტი შეიქმნას (თუ უკვე არ შექმნილა), საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძლოა კიდევ უფრო გადაიტვირთოს და ა.შ. თავის მხრივ, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ნაბიჯი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. კალაძის თქმით, კომფორტულობა, უსაფრთხოება და სისუფთავე - ეს არის რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მიზანი.

ჩემს ბლოგებში აქამდეც ხშირად დამიწერია იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულირება არის ერთადერთი გზა ქალაქში ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ამიტომ, ამ ბლოგში რეგულაციების აუცილებლობაზე ვრცლად არ ვისაუბრებ. მკითხველების ნაწილი იმედია იმაში დამეთანხმება, რომ გარკვეული რეგულაციები მართლაც საჭიროა იმ სფეროებში, სადაც საქმე მთელი საზოგადოების საჭიროებებს ეხება. ამის საპირისპიროდ, იმაზეც შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ბევრი კერძო ყოფითი გადაწყვეტილება რეგულაციებს არ ექვემდებარება (მაგ. საჭმელს როდის შევჭამთ, მეგობრებს როდის ვნახავთ, დასასვენებლად სად წავალთ და ა.შ.).

ჩვენს შემთხვევაში, პრობლემა არა იმდენად რეგულაციებშია, არამედ თანმიმდევრობაში. ცალკე აღებული ყველა არგუმენტი - მათ შორის, მერიისაც - აზრს მოკლებული არ არის. პრობლემა უფრო მეტად თანმიმდევრულობაშია, უფრო სწორად, მის ნაკლებობაში. ამასობაში კი, ყველაზე პრიორიტეტული საკითხი - მეტროს, ავტობუსების, ტრამვაის განვითარება - უკანა პლანზე რჩება. არათანმიმდევულად გატარებულმა რეფორმამ შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის პრიორიტეტულობის საკითხი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის საკითხზე მერიის ქმედებები და განცხადებები აშკარა კითხვებს აჩენს. მაგალითად, კახა კალაძემ განაცხადა, რომ კომფორტულობა, უსაფრთხოება და სისუფთავე ტაქსის გაძვირებას გამოიწვევს, რაც ნორმალურია. მან იქვე განმარტა, რომ ვისაც არ მოუნდება ტაქსით მგზავრობა, „იქნება ახალი ავტობუსები, რითაც შეეძლებათ გადაადგილება... მეტრო, განახლებული სადგურებით და რეაბილიტირებული ვაგონებით“. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ გაუგებარია, რა მოხდება მაშინ, თუკი ტაქსი მართლაც გაძვირდება (ან უკვე გაძვირებულია), მაგრამ სხვა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ უპასუხებს მგზავრთა გაზრდილი ნაკადის მოთხოვნებს. ახლა ისე ჩანს, რომ მერიას დიდად არ აღელვებს, რა მოხდება ამ შუალედში - ტაქსის გაძვირებიდან სხვა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებამდე. თუკი ტაქსი მართლა გაძვირდება (ან გაძვირებულია), რითი უნდა ვანუგეშოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადამსხდარი ადამიანები? რას ვთავაზობთ ადამიანებს, გარდა უკეთესი მომავლის ლოდინისა?

დღესდღეობით თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა ნერვების ნამდვილი გამოცდაა. მეტრო - ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და სწრაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ბევრ უბანში საერთოდ არ მიდის (მაგ.: ვაკე, ნუცუბიძის პლატო, დიდი დიღომი, ორთაჭალა, ფონიჭალა და ა.შ.), ან მიდის, მაგრამ ამ უბნებს საკმარისად ვერ ფარავს (მაგ.: ვარკეთილი, გლდანი, თემქა და ა.შ.). ყვითელი სამარშრუტო ტაქსები გადატვირთულია, ზაფხულში ჩახუთულია და მათი გარკვეული ნაწილი ტექნიკურად გაუმართავია. ავტობუსები - მათ შორის, ახალი ავტობუსები - დიდი ინტერვალებით დადიან, საკმაოდ ნელა და მათ მუდმივად საცობებში უწევთ დგომა. ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველა უბნის განსაკუთრებულ საჭიროებებს ჯეროვნად ვერ აკმაყოფილებს (მაგალითად, იმ უბნების, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებია თავმოყრილი). ქვეითთა გადაადგილება ბევრ უბანში შეზღუდულია - ტროტუარები ან საერთოდ არ არსებობს, ან არსებობს, მაგრამ მათზე მანქანების საპარკინგო სივრცეებია მოწყობილი. აღარაფერს ვამბობ ველობილიკების ნაკლებობაზე.

მერიის განცხადებებიდან ისე ჩანს, რომ ისინი არსებული ვითარების სიმწვავეს ჯეროვნად ვერ იაზრებენ. ამ კატასტროფულ მდგომარეობაში რეფორმა უფრო მდგრადი და ეფექტიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის - მაგალითად, ავტობუსების, მეტროს ან ტრამვაის - განვითარებით უნდა დაიწყოს. იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ამგვარი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა, სხვადასხვანაირი მოსაზრება არსებობს. სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელ და გამგეობის თავმჯდომარეს, გაეროს ექსპერტ გელა კვაშილავას ვესაუბრე. კვაშილავა თვლის, რომ ერთ-ერთი ეფექტიანი გზა სატრანსპორტო პრობლემის მოსაგვარებლად არის არა მხოლოდ, მაგალითად, ავტობუსების რაოდენობის გაზრდა, არამედ ავტობუსისთვის გამოყოფილი ზოლების შემოღება. ასეთ შემთხვევაში, კვაშილავას აზრით, კერძო ავტომობილებში და ტაქსებში მსხდომი ადამიანები დაინახავენ, რომ ავტობუსი მათზე სწრაფად გადაადგილდება და მასში გადასხდომის სურვილი გაუჩნდებათ. ცხადია, კვაშილავას მიერ შემოთავაზებული მოდელი ვერ იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ ქალაქში საკმარისად ბევრი ავტობუსი არ იქნება. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, დღევანდელი მძიმე სიტუაცია, პირიქით, შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დამძიმდეს.

რომ შევაჯამო, ვფიქრობ, რომ თავად ტაქსების რეფორმაში ცუდი არაფერია, მაგრამ მას მნიშვნელოვანი რისკები ახლავს თან. მაგალითად, თუკი ტაქსების მგზავრების ნაწილს ავტობუსებში და მეტროში გადაჯდომა მოუწევთ, ეს მოცემულ ეტაპზე ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს. დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კიდევ უფრო აუტანელი გახდება. ამჟამად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ლამის „მორალურ“ სტრესთან არის დაკავშირებული. ამაში მერიის ჩინოვნიკებს თავად შეუძლიათ დარწმუნდნენ, თუკი პიკის საათში (და არა მხოლოდ) დედაქალაქის ერთი ნაწილიდან მეორეში გადაადგილებას შეეცდებიან. თბილისის მერიამ, პირველ რიგში, სწორედ ერთიან და თანმიმდევრულ სატრანსპორტო პოლიტიკაზე უნდა იფიქროს და ყოველი რეფორმის წინ გაითვალისწინოს ის, თუ რა გავლენას მოახდენს ეს რეფორმა ჩვეულებრივი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სხვა შემთხვევაში, კეთილი მიზნებით დაწყებულმა რეფორმამაც შესაძლოა გაუთვალისწინებელი უარყოფითი შედეგები მოგვცეს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG