ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხზე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს პასუხობს.
„საქმის დეტალებში ვერ შევალ, რადგან საზედამხედველო ღონისძიებები კონფიდენციალურია. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ TBC ბანკის მიერ შეძენილი იყო აქტივების დაახლოებით, 95% და ვალდებულებების თითქმის 100 %. რაც შეეხება გუშინ სიუჟეტში გასულ დოკუმენტს, ეროვნულ ბანკში ეს დოკუმენტი ვერ მოვიძიეთ და მივმართეთ TBC ბანკს, თუ არსებობს მართლაც ასეთი დოკუმენტი, გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს და გვაცნობოს ჩვენც. როდესაც გვექნება დოკუმენტი, ვნახავთ იქ რაზეა საუბარი. დოკუმენტის შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ იყო და არც ამჟამად არის ცნობილი, ამიტომ ვთხოვეთ „თიბისი ბანკს“ დოკუმენტის წარმოდგენა“, - მესტვირიშვილის პოზიციას „ინტერპრესნიუსი“ აქვეყნებს.
შეკითხვაზე, ამ საკითხზე უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება? სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი პასუხობს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, რა წერია დოკუმენტში.
„მთავარი არხის" ვერსიით, არსებობს დოკუმენტები, რომლებითაც მტკიცდება, რომ „პროგრეს ბანკის“ გადარიცხვებით, დიდი ალბათობით, მოხდა ფულის გათეთრება. „მთავარი არხის" მტკიცებით, ამ პერიოდში ბანკს ბიძინა ივანიშვილი ფლობდა.
მამუკა ხაზარაძე კი ამბობს, რომ TBC ბანკი მოლაპარაკებული იყო „სოსიეტე ჟენერალთან" ბანკ „რესპუბლიკის" აქციების შეძენაზე, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა ეს ტრანზაქცია გააჩერა ახსნა-განმარტების გარეშე.
„მე ეს გულისტკივილით, თუ საყვედურის ტონით ვთქვი, რომ ამდენი ხანია საქართველოში ვაშენებ და რატომ ხდება ასე. ეს ვუთხარი ივანიშვილს. იქ ითქვა ასეთი რაღაც, თუ „პროგრეს ბანკსაც“ იყიდით, იქნებ ეს გარიგება გამოვიდეს", - ამბობს ხაზარაძე.
როგორც მამუკა ხაზარაძე ამბობს, TBC ბანკმა „პროგრეს ბანკის“ აუდიტი დაიწყო. აუდიტმა კრიტიკულად არასასურველი მდგომარეობა აღმოაჩინა, რამაც მამუკა ხაზარაძესა და TBC ბანკს ფულის გათეთრების ეჭვი აღუძრა. TBC ბანკმა შეიძინა „პროგრეს ბანკის“ მხოლოდ რამდენიმე ჯანსაღი აქტივი, ასევე, ბანკი „რესპუბლიკის" 94%-მდე წილი, 315 მილიონ ლარად.
„პროგრეს ბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის 19 ოქტომბერს გაუუქმა.
ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „პროგრეს ბანკიდან“ საეჭვო გადარიცხვებისა და შესაძლო ფულის გათეთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ აქვთ.