Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესმენებმა დაგმეს ტრამპის გადაწყვეტილება სირიიდან სამხედროების გაყვანის შესახებ


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ხმათა უმრავლესობით დაგმო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის შესახებ. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 354-მა კონგრესმენმა, მათ შორის ტრამპის თანაპარტიელმა 129 რესპუბლიკელმა. რეზოლუციას არ დაეთანხმა წარმომადგენელთა პალატის 60 წევრი.

ამავე რეზოლუციით, ამერიკელი კონგრესმენები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს მოუწოდებენ, შეწყვიტოს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია.

წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მყოფმა დემოკრატებმა ამ რეზოლუციას დაუკავშირეს თეთრ სახლში, პრეზიდენტთან შეხვედრისას მომხდარი დაპირისპირება.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებით, თეთრ სახლში, კანონმდებლებთან შეხვედრისას პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნერვებმა უმტყუნა. დემოკრატებმა პრეზიდენტთან შეხვედრა დატოვეს.

სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერებმა, ჩაკ შუმერმა და სტენი ჰოიერმა ჟურნალისტებს უამბეს, რომ დონალდ ტრამპმა ნენსი პელოსის შეურაცხყოფა მიაყენა და შეხვედრა სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემოკრატების შეფასებით, პრეზიდენტის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ სირიის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა რესპუბლიკელების ნახევარზე მეტმა.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების ლიდერმა, კევინ მაკარტიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნენსი პელოსი პრეზიდენტს მიუღებელი ტონით ესაუბრებოდა. მაკარტის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დემოკრატებმა თეთრი სახლი დატოვეს, შეხვედრა გაგრძელდა და ნაყოფიერად დასრულდა.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში 9 ოქტომბერს დაიწყო ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც ანკარის განცხადებით, მიმართულია ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ.

სირიელი ქურთები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად იბრძოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. თურქეთის მთავრობა კი, სირიელ ქურთებს მიიჩნევს მის მიერ ტერორისტულად გამოცხადებული და აკრძალული ორგანიზაციის, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად.

სირიის ჩრდილოეთში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო, აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრებს და თავდაცვის და ენერგეტიკის სამინისტროებს.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა სირიის ჩრდილოეთიდან ათასამდე ამერიკელი სამხედროს გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ამის გამო, ოპონენტებმა ტრამპი დაადანაშაულეს ამერიკელების მოკავშირე ქურთების ღალატში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG