აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ანკარაში, საპრეზიდენტო სასახლეში, ხვდებიან თურქეთის პრეზიდენტ რეჟეპ ტაიპ ერდოანს. მათი ვიზიტის მიზანია, ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიონ ჩრდილოეთ სირიაში, სადაც თურქეთის შეიარაღებული ძალები მეცხრე დღეა ებრძვიან. თურქეთმა იერიში წამოიწყო, რათა გაწმინდოს რეგიონი ქურთების შეიარაღებული ძალებისგან და ბუფერული ზონა შექმნას იქ სირიელი ლტოლვილების ჩასასახლებლად.
ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირაში მოულოდნელად გადაწყვიტა ჯარების გამოყვანა ჩრდილოეთ სირიიდან, სადაც ისინი ქურთ მებრძოლებს ეხმარებოდნენ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.
თურქეთი დიდი ხანია აცხადებს, რომ სირიის ქურთი მებრძოლები წარმოადგენენ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ფრთას, პარტიისა, რომელიც პარტიზანულ ომს აწარმოებდა თურქეთის ტერიტორიაზე 1980-იანი წლებიდან მოყოლებული. „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ თურქეთი, აშშ და ევროპის კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.
ტრამპის თქმით, მას სჯერა, რომ თურქეთში პენსისა და პომპეოს შეხვედრა წარმატებული იქნება. თუკი მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდება, ტრამპის თქმით, „სანქციები, ტარიფები და სხვა რამეები“ გამანადგურებელ ზემოქმედებას იქონიებს თურქეთის ეკონომიკაზე.