მედიაკორპორაცია რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ მცდარი და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა რუსეთის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებას, რის შესახებაც განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის კომისიამ, რომელიც რუსეთის საქმეებში უცხოურ ჩარევას იძიებს. კომისიის მიერ რიგი უცხოური მედიასაშუალების, მათ შორის რადიო თავისუფლების მისამართით გამოთქმული ბრალდებების თაობაზე ჯეიმი ფლაიმ განაცხადა: „სახელმწიფო დუმის ბრალდებები - მცდარი და პოლიტიკურად მოტივირებულია. მათი მიზანია, ჩააჩუმოს რუსეთის დამოუკიდებელი მედია და ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს ჟურნალისტებს და დარწმუნებული ვართ ჩვენი მუშაობის პროფესიონალიზმში. ჩვენ ვერ გვაიძულებენ, უარი ვთქვათ ჩვენს მისიაზე - რუსეთის მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ“.
ბრალდებების შესახებ გუშინ განაცხადა სახელმწიფო დუმის კომისიის თავმჯდომარემ, ვასილი პისკარიოვმა.
მისი თქმით, უცხოეთის მედიასაშუალებებმა დაარღვიეს რუსეთის საარჩევნო კანონმდებლობა 8 სექტემბრის არჩევნების დღეს და ერთი დღით ადრე, დუმილის დღეს. მან ახსენა რადიო თავისუფლება, ტელეარხი „ნასტოიაშჩეე ვრემია“, „ამერიკის ხმა“, BBC-ის რუსულის სამსახური, „მედუზა“ და „ბმხ მედია“.
დარღვევების მაგალითები პისკარიოვს არ მოუყვანია. სახელმწიფო დუმა აპირებს, როსკომნადზორს და პროკურატურას მიმართოს „რეაგირების ზომების მისაღებად“, განაცხადა პისკარიოვმა.