Accessibility links

ახალი ამბები

ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად სირიის ჩრდილოეთში თავდასხმები გრძელდება

თურქეთის ავიაციის მიერ მოწყობილი თავდასხმების შედეგად 18 ოქტომბერს დაიხოცა 14 სამოქალაქო პირი, მიუხედავად აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტისა, რომელიც ძალაშია შესული. ცნობას ავრცელებს ომის სამეთვალყურეო წყარო.

სირიის სამეთვალყურეო ცენტრის თანახმად, თურქეთის ავიაციის თავდასხმას და მისი მოკავშირე სირიელი მებრძოლების იერიშს სოფელ ბაბ ალ-ხეირზე, 14 ადამიანი ემსხვერპლა.

რვა მებრძოლი დაკარგა ქურთთა მეთაურობით მოქმედმა სირიის დემოკრატიულმა დანაყოფმა. მისმა წარმომადგენლმა, მუსტაფა ბალიმ თურქეთი დაადანაშაულა შეთანხმების დარღვევაში, რომელსაც მიაღწიეს ანკარაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტის დროს.
ბალის თქმით, გრძელდება იერიშები სამოქალაქო ობიექტებზე, მებრძოლებზე, ასევე საავადმყოფოზე.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით, ხუთი დღით უნდა შეჩერებულიყო საბრძოლო მოქმედებები და აშშ უნდა დახმარებოდა ქურთთა ძალებს, გასულიყვნენ „უსაფრთხო ზონიდან“ , როგორც მას თურქეთი უწოდებს, და რომელიც სურს შეიქმნას საზღვრის გასწვრივ.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ შეთანხმება სრულდება. მან მუქარა გამოთქვა, რომ თუ ქურთთა ძალები არ დატოვებენ ზონას, ის განაახლებდა იერიშს.

თურქეთი არეალში ტოვებს თავის ძალებს, რადგან, ერდოანის თქმით, უსაფრთხოების გამო ეს ასეა საჭირო.

ყველა ახალი ამბავი

ნინო ლომჯარიას თქმით, პიკეტირება უკანონოა, მაგრამ ამის პასუხისმგებლობა მაჟორიტარებს ეკისრებათ

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარლამენტის პიკეტირება არ არის კანონიერი, მაგრამ ამ უკანონობისთვის, მისი აზრით, ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ სისტემას.

„მედია მირეკავს და აინტერესებს ჩემი პოზიცია, რამდენად კანონიერია პარლამენტის შენობის პიკეტირება. რა თქმა უნდა, არ არის კანონიერი, კანონის წაკითხვა ყველას შეუძლია და ნახავს, თუმცა ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპროციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს.

უფრო დიდი უკანონობა ის მგონია, ხალხს უთხრა, ვისაც მხარს დაუჭერ, იმას პარლამენტში არ შევუშვებო, პარტიებს უთხრა, იმ რაოდენობით არ შეგიშვებ პარლამენტში, რა მხარდაჭერაც გაქვსო და შესაბამისად, როდესაც ოპოზიციას, ახალ პოლიტიკურ ძალებს არ აძლევ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას, არც ისინი შეგიშვებენ პარლამენტში.

პოლიტიკურ კრიზისს სწორედ მაჟორიტარული სისტემა ქმნის და ამის დასტურია დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ისტორია. მაჟორიტარებს კი თუ თვითმმართველობების პრობლემები აწუხებდათ, დეცენტრალიზაციის რეფორმა უნდა გაეტარებინათ, იმიტომ არიან ისინი პარლამენტში, რომ პოლიტიკური რეფორმები გაატარონ და არა იმიტომ, რომ გზები დააგონ, მილები ჩაყარონ, ან სკოლები არემონტონ“, წერს ნინო ლომჯარია.

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოები: "სრულად ვუჭერთ მხარს მშვიდობიანი შეკრების უფლებას"

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ-ის საელჩო თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. გთავაზობთ ტექსტს სრულად:

"ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცნობიერებენ ქართული საზოგადოების ფართო ნაწილის ღრმა იმედგაცრუებას იმის გამო, რომ პარლამენტმა არ მიიღო 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე გადასასვლელად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები. ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დაჩქარებასთან დაკავშირებით გაგებულ იქნა, როგორც ქართული დემოკრატიის მიერ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, რასაც თან სდევდა პოლიტიკური კონსენსუსი და ყველა მხარის ერთობლივი ვალდებულება, ემუშავად ამ მიზნის მისაღწევად. გასულ ხუთშაბათს, ამ პროცესის მოულოდნელმა შეჩერებამ გაზარდა უნდობლობა და გაამძაფრა დაძაბულობა მმართველ პარტიას, სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.
დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, არსებითად მიგვაჩნია გადაუდებელი მუშაობა მთავრობას, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობის აღსადგენად მშვიდი და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის საშუალებით, ისეთი სამომავლო გზის საპოვნელად, რომელიც მისღები იქნება.
ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და გამოხატვის თავისუფლებას. მოვუწოდებთ ყველას, ვინც ამ უფლებას ანხორციელებს, კანონის დაცვით და კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე".

დავით ბაქრაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, არ მიმართოს ძალისმიერ მეთოდს პიკეტების დასაშლელად

ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბაქრაძეს იმედი აქვს, რომ ხელისუფლება ძალისმიერად არ დაშლის პიკეტებს პარლამენტის შესასვლელებთან. თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აზრით, მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება შესაძლებელია.

"იმედი მაქვს, ხელისუფლებას შერჩა საკმარისად საღი აზრი, რომ ეს არ გააკეთოს, რადგან ნებისმიერი ძალადობა გამოიწვევს უფრო მწვავე და მასშტაბურ პროტესტს. მეტ ადამიანს გამოიყვანს ქუჩაში", უთხრა რადიო თავისუფლებას დავით ბაქრაძემ, რომელიც მოპიკეტეებთან მივიდა.

მან მოუწოდა ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან და "მოძებნოს გამოსავალი იმ კრიზისიდან, რომელიც თავად გამოიწვია."
"გამოსავალი არის არა ძალადობა, არამედ კომპრომისი, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ. ეს არის პარლამენტის პროპორციული არჩევნები 2020 წელს", დასძინა დავით ბაქრაძემ.
17 ოქტომბერს, პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქცია-მიტინგის შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დაიწყეს, გაშალეს კარვები და მიიტანეს ქვიშით სავსე ტომრები.

ლონდონი არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნებს ანგარიშს ბრიტანეთის პოლიტიკაში რუსეთის ჩარევაზე

დიდი ბრიტანეთის მთავრობა 12 დეკემბრის არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნებს საპარლამენტო ანგარიშს ბრიტანეთის პოლიტიკაში რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამოძიების შედეგებზე. ამის შესახებ კვირას განაცხადა დიდი ბრიტანეთის უშიშროების მინისტრმა ბრენდონ ლიუისმა.

დაზვერვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიში უკვე შეამოწმეს სპეცსამსახურებმა. ოპოზიცია მთავრობას ბრალს სდებს, რომ ის ეწინააღმდეგება დოკუმენტის გამოქვეყნებას, ვინაიდან ანგარიში შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და მის პარტიას ეხება.

ტელეარხ Sky News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლიუისმა ახსნა, რომ ანგარიშის გამოქვეყნება შეუძლებელია კანონის გამო, რომელიც საარჩევნო პერიოდში ზღუდავს სამთავრობო პუბლიკაციებს.

დიდი ბრიტანეთი რუსეთს ბრალს სდებს დასავლეთის ქვეყნებში არჩევნებში ჩარევასა ან ჩარევის მცდელობებში. მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებებს.

დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა შეისწავლა რუსეთის მოქმედებები, რომლებიც მიმართული იყო გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, კერძოდ, ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე 2016 წლის რეფერენდუმის მსვლელობაში ჩარევა. მაშინ ევროკავშირიდან გასვლის ერთ-ერთი მთავარი მომხრე იყო პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

გიორგი თარგამაძე „ფორმულაზე“ გადაცემას წაიყვანს

გიორგი თარგამაძე

„ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი დეპუტატი გიორგი თარგამაძე სატელევიზიო ეთერს უბრუნდება. იგი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადაცემას წაიყვანს.

„გიორგი თარგამაძის ფორმულა“ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში დღეს 23 საათზე გავა. გადაცემის ნახვა მაყურებელს შაბათ-კვირის გარდა, ყოველდღე შეეძლება.

გიორგი თარგამაძე სატელევიზიო ეთერს გადაცემის წამყვანის ამპლუაში 12 წლიანი წყვეტის შემდეგ უბრუნდება. მან ტელეკომპანია "იმედის" საზოგადოებრფივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორის პოსტი და გადაცემა "დროების" წამყვანობა 2007 წელს დატოვა.

„მე მაინც მგონია, რომ ახლა არის დრო იმისა, რომ კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი შტრიხი გაჩნდეს ქართულ სატელევიზიო პალიტრაში“, - განაცხადა გიორგი თარგამაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

ქვიშის ტომრების გამო დაპირისპირება იყო პარლამენტის შენობასთან

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე დაძაბული ვითარება იყო აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის.

პოლიციელები აქციის მონაწილეებს არ აძლევდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვიშის ტომრების შეტანის საშუალებას.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სამართალდამცავებს განუმარტავდა, ქვიშის ტომრები კარვების გასამაგრებლად სჭირდებოდათ, თუმცა სამართალდამცავები წინააღმდეგობას უწევდნენ.

რამდენიმეწუთიანი დაძაბულობის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა ქვიშის ტომრების შეტანა დანიშნულების ადგილამდე მაინც მოახერხეს. სიტუაცია განიმუხტა.

საპატრულო პოლიციამ რუსთაველზე აქციაზე მხოლოდ 5500 ადამიანი დათვალა

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად, 17 ნოემბერს რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე 5500 მომიტინგე იყო. სირაძის განცხადებით, აქციაზე არავინ დაუკავებიათ.

მისი სიტყვებით, "პატრიოტთა ალიანსის" აქციაზე, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, 1500-მდე ადამიანმა მოიყარა თავი. ხოლო ბათუმში პროტესტი 50-მა ადამიანმა გამოხატა.

სააგენტო "როიტერსის" ცნობით, 17 ნოემბრის აქციას თბილისში ათობით ათასი (20 000) ადამიანი დაესწრო.

პრაღაში გაიმართა ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების დღისადმი მიძღვნილი მასობრივი მსვლელობა

კვირას პრაღაში მასობრივი მსვლელობა გაიმართა. იგი ეძღვნებოდა 1989 წლის 17 ნოემბრის სტუდენტურ აქციას, რომლითაც დაიწყო ხავერდოვანი რევოლუციის მოვლენები.

მსვლელობა, ისევე, როგორც 30 წლის წინ, დაიწყო ალბერტოვის რაიონში, სადაც მდებარეობს კარლის უნივერსიტეტის რამდენიმე სამეცნიერო კორპუსი. მარშრუტის ერთ-ერთი პუნქტია მდინარე ვლტავის სანაპიროზე მდებარე ვიშეჰრადის გორა. მარშმა, რომელიც დასრულდა „ნაროდნი ტრჟიდას“ ქუჩაზე, სტუდენტების ლეგენდარული გამოსვლების მარშრუტი გაიმეორა. ეს მსვლელობა მშვიდობიანი რევოლუციის 30 წლისთავთან დაკავშირებული ერთ-ერთი ცენტრალური საზეიმო ღონისძიება იყო ჩეხეთში.

1989 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებმა გამოიწვია ხელისუფლებიდან კომუნისტური პარტიის ჩამოშორება და შემდეგ ჩეხოსლოვაკიაში სოციალისტურ რეჟიმზე უარი. მიუხედავად დემონსტრანტებსა და უშიშროების ძალებს შორის თავდაპირველი შეტაკებებისა, რევოლუცია უსისხლოდ განხორციელდა, რის გამოც მას „ხავერდოვანი“ ეწოდა.

გუშინ პრაღაში 250 ათასამდე ადამიანმა გამართა საპროტესტო მიტინგი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ადრეი ბაბიშის წინააღმდეგ იყო მიმართული.

გერმანიის ელჩმა რუსთავში, გერმანელ სამხედრო ტყვეთა სასაფლაოზე გვირგვინი მიიტანა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ კნირშმა, რუსთავში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გერმანელ სამხედრო ტყვეთა სასაფლაო გვირგვინით შეამკო. ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

17 ნოემბერს, გერმანიაში სახალხო გლოვის დღეს აღნიშნავენ და ძალადობრივი მმართველობის მსხვერპლთ იხსენებენ.

მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი გერმანელი სამხედროები 1944-1945 წლებში რუსთავის მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული. მათი უდიდესი ნაწილი რუსთავში გარდაიცვალა.

ტყვეთა ნეშტების მოძიებისა და იდენტიფიცირების მიზნით, გერმანელი სპეციალისტები რუსთავის ისტორიულ მუზეუმთან ერთად, ჭყონდიდელის დასახლებაში მეორე წელია, კვლევით სამუშაოებს აწარმოებენ. სასაფლაო რუსთავის საწარმოო ზონის ტერიტორიაზე გახსნეს. სასაფლაო რუსთავის საწარმოო ზონის ტერიტორიაზე გახსნეს.

უკვე აღმოჩენილია 600-ზე მეტი გერმანელი ტყვის ნეშტი. რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის ნაზი პაჭიკაშვილი, ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ რუსთავის გარშემო ტყვეთა ოთხი ბანაკი იყო, დაახლოებით, ექვსი ათასი პატიმრით.

"შეცვალემ" "ქართული ოცნების" მიმდებარე ტერიტორიაზე თავისი მოთხოვნები დატოვა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლა. გამაფრთხილებელი აქცია სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა გამართეს.

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ამის მიზეზი გახდა აქციის მონაწილეების სურვილი, პარტიის შენობის წინ, ასფალტზე გაეკეთებინათ წარწერა "შეცვალე", „წადი” და "სისტემა უნდა დაინგრეს". .

დაპირისპირების მიუხედავად, საბოლოოდ, აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან“ საღებავით თავიანთი მოთხოვნები ნაწილობრივ მაინც დაწერეს.

„შეცვალეს“ აქტივისტები მსვლელობით კვლავ პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.

ზუკა ბერძენიშვილი: ხვალ სამ საათზე დანიშნული ბიუროს სხდომა ვერ ჩატარდება!

საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე ხალხმრავალ აქციაზე გამოსვლები დასრულდა, თუმცა აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე რჩებიან. ისინი ღამეს რუსთაველის გამზირზე გაათევენ.

აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ 18 ნოემბერს პარლამენტარებს არ ჩაატარებინონ სამ საათზე დანიშნული ბიუროს სხდომა.

„ეს არის პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ივანიშვილს ხელის კანკალით მოუწიოს ჩვენთვის ამ ქვეყნის გასაღების ჩაბარება, ამისთვის კი გვჭირდება, რომ პროტესტი გაგრძელდეს“, - განაცხადა აქციის ბოლოს ზუკა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, ის, რაც მოხდა, იყო „ივანიშვილის ბოლო ტრიუკი“. მეტჯერ ის მათ მოტყუებას ვეღარ შეძლებს.

„გადამგდების გადაგდების დრო ჩაირთო“, - განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი პარლამენტთან დააწესებენ 24-საათიან მორიგეობას. საკანონმდებლო ორგანო პიკეტირებული იქნება მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

მოთხოვნა კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაა.

თბილისში, სავარაუდოდ, მამაკაცმა თვითმკვლელობამდე ოჯახის ორი წევრი მოკლა

შს სამინისტროს პრესსამსახური ადასტურებს, რომ 17 ნოემბერს, თბილისში, ატენის ქუჩაზე „ნათესაურ კავშირში მყოფი“ სამი ადამიანია მოკლული.

პრესსამსახურიდან რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე [განზრახ მკვლელობა] და 236-ე [ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძება-შენახვა-ტარება] მუხლების მიხედვით.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ატენის ქუჩაზე მამაკაცმა დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ბოლივიაში 23 ადამიანი დაიღუპა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად

ბოლივიაში, სულ მცირე, 23 ადამიანი დაიღუპა და 715 დაშავდა პოლიციასა და ყოფილი პრეზიდენტის, ევო მორალესის მომხრეთა შორის შეტაკებების შედეგად. ამის შესახებ იტყობინება ადამიანის უფლებების ინტერამერიკული კომისია.

მანამდე, გაეროს ადამიანის უფლებების უწყების ხელმძღვანელმა მიშელ ბაშელეტმა განაცხადა, რომ ბოლივიის პოლიცია და სამხედროები გადამეტებულ ძალას იყენებენ დემონსტრანტების წინააღმდეგ. პოლიცია კი აცხადებს, რომ თავად დემონსტრანტები იყენებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს და „მოლოტოვის კოქტეილებს“.

15 ნოემბერს ბოლივიის დროებითმა მთავრობამ გამოსცა ბრძანებულება, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს სამხედროებს არეულობების დროს ძალის გამოყენების შემთხვევაში.

მაკო გომური: მე თუ არა, ვინ უნდა იდგეს აქ?

„აი, იმ ადგილას ვიდექი, როდესაც ტყვია მომხვდა“, - ასე დაიწყო თავისი გამოსვლა 17 ნოემბერს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მაკო გომურმა, რომელმაც 20-21 ივნისის ღამის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა.

„გუშინ მეტროში ბიჭები მომიახლოვდნენ და მითხრეს, შენ იმ ადგილზე, იმ აქციაზე არ უნდა იდგე, იქ რა გინდაო. იქ ვერ ვუპასუხე, ძალიან გავბრაზდი, მაგრამ ახლა აქედან მინდა ვუთხრა, მე თუ არა, ვინ უნდა იდგეს აქ?“.

მაკო გომურის თქმით, ის რუსთაველზე დგას უკეთესი მომავლისთვის, რისთვისაც თავად უნდა იბრძოლოს.

„ჩემს მშობლებს ეშინიათ, აქ რომ ვდგავარ და სახელმწიფოს ნაწილობრივ გამოსდის ეს, რომ საზოგადოებაში შიში დანერგოს. მაგრამ მე ვიცი, რომ ძალა სწორედ იმ ადამიანებშია, რომლებიც ასე მონდომებით იცავენ ქვეყანას და არა ცალკეულ ჩინოვნიკებში“.

მაკო გომურის განცხადებით, ის დგას აქციაზე იმიტომ, რომ ერთიან და ძლიერ ქვეყანაში სურს ცხოვრება, სადაც გადამწყვეტი ადამიანების სიტყვა იქნება და არა ცალკეული ჩინოვნიკების სურვილები.

საპროტესტო აქციაზე გამოსვლები დასრულდა, თუმცა აქციის მონაწილეების ნაწილი ღამეს ისევ რუსთაველზე გაათევს. მათი მოთხოვნა უცვლელია - ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით.

პიკეტირებულია პარლამენტის შესასვლელები და, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დეპუტატებს 18 ნოემბერს ბიუროს სხდომის გამართვის შესაძლებლობას არ მისცემენ.

მამუკა მდინარაძე: სახელმწიფო სტრუქტურები კანონის შესაბამისად მოიქცევიან

მამუკა მდინარაძე

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა, სამართალდამცავი ორგანოები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ. პარტიის ცენტრალურ ოფისში მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პიკეტირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ უკანონობას სახელმწიფო კანონს უპირისპირებს:

„ჩვენ არცთუ ისე დიდი ხნის წინ ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც კანონსა და კანონიერებას უპირისპირებდნენ უკანონობასა და ბოროტებას. ახლა ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უკანონობას სახელმწიფო უპირისპირებს კანონს. სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა, აღმასრულებელი სტრუქტურა და სამართალდამცავი ორგანოები მოიქცევიან კანონის შესაბამისად. ნახეთ, რომ სამი დღის განმავლობაში იქ შეკრებილი პარტიების ლიდერებმა მოთხოვნაც ვერ დააყენეს ისეთი, პოზიციაც ვერ გაახმოვანეს ისეთი, რომელიც იქნებოდა კონსტიტუციური. ხან გვთავაზობენ გერმანულ მოდელს, ხან 100 ხმით თითქოს გასული იყო კანონპროექტი და ასე შემდეგ. მათ სამართლებრივად გამართული მოთხოვნაც კი ვერ დააყენეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რამდენი ადამიანია აქციაზე, ხელისუფლებისთვის ყველა ადამიანის პოზიცია მნიშვნელოვანია:

„ხალხის რაოდენობაზე არ გავამახვილებდი ყურადღებას, მათ შორის, ვხედავთ სოციალურ ქსელებში, რომ უნდა შეეკრიბათ 20 000 ადამიანი და მივიდა ოთხი თუ ხუთი ათასი. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ადამიანის პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ჩვენ ასე ვფიქრობთ. ამიტომ, 4 000 მივიდა ან 4 500, 20 000 ნაცვლად, ამას მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტის წინ ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ოპოზიციური პარტიები ითხოვენ პროპორციული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას, მთავრობის გადადგომას და, შესაბამისად, ცვლილებებს საარჩევნო კომისიებში. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოაწყვეს.

თეთრმა სახლმა ახსნა, რატომ არ გამოცხადებულა წინასწარ ტრამპის სამედიცინო გამოკვლევის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უოლტერ რიდის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი მოინახულა ყოველწლიური სამედიცინო გამოკვლევის ფარგლებში. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, სტეფანი გრიშემმა განაცხადა.

„პრეზიდენტი ჯანმრთელი და ენერგიულია, არაფერს უჩივის, რაზეც მეტყველებს მისი არაერთი ენერგიული გამოსვლა ათასობით ამერიკელის წინაშე, კვირაში რამდენჯერმე“, - დასძინა პრესმდივანმა.

სამედიცინო ცენტრში ტრამპის გამგზავრებამ, რაც არ შეუტანიათ პრეზიდენტის გრაფიკში, შეკითხები გააჩინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სხვა მსგავსი შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჟამინდელი გამოკვლევის შესახებ წინასწარ არ გამოუცხადებიათ.

წინა გამოკვლევა ტრამპს თებერვალში ჩაუტარდა. ექიმებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასეს, როგორც „ძალიან კარგი“.

თეთრი სახლის თანამშრომლები, როგორც წესი, თავად იღებენ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის სამედიცინო გამოკვლევის შედეგების ამა თუ იმ ნაწილის გამოქვეყნების შესახებ. თავად ტრამპი არ არის ვალდებული, გაასაჯაროოს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია. ასევე არ არსებობს პრეზიდენტის სამედიცინო გამოკვლევის დადგენილი წესები.

იური უშაკოვი: წელს შეიძლება გაიმართოს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართული სამიტი

იური უშაკოვი

კრემლის მაღალი რანგის მრჩეველმა, იური უშაკოვმა, კვირას განაცხადა, რომ წლის ბოლომდე შეიძლება გაიმართოს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართული სამიტი. უშაკოვის მიერ 17 ნოემბერს სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებული კომენტარი ეხმიანება კრემლის პრესსპიკერის მსგავს განცხადებას, რასაც იმის სიგნალად მიიჩნევენ, რომ კრემლი ემხრობა უკრაინაში კონფლიქტის დასრულების გზების ძიებას. 2014 წელს დაწყებულ კონფლიქტს დღემდე 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

გასულ კვირაში საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ 9 დეკემბრისთვის დაგეგმილია საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერთა შეხვედრა. მაგრამ მოსკოვს არ დაუდასტურებია შეხვედრაში მონაწილეობის მზადყოფნა.

17 ნოემბერს ტელეარხ „როსია-1“-ის ეთერში გამოსვლისას უშაკოვმა თქვა, რომ შეხვედრა წელს გაიმართება. „ვფიქრობ, მოხერხდება [სამიტის] წელს ჩატარება, - თქვა უშაკოვმა, - ზუსტი თარიღის დასახელება არ შემიძლა, ვინაიდან ამაზე ჯერჯერობით მსჯელობა მიმდინარეობს, მაგრამ აშკარად წელს იქნება“.

მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ინტერფაქსთან საუბარში თქვა, რომ ნებისმიერი სამიტის ჩატარება პირდაპირ არ იქნება დამოკიდებული აღმოსავლეთ უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე. ეს საკითხი წინათ დაბრკოლების მიზეზი ხდებოდა ხოლმე.

რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ხელში ჩაგდებისა და მოსკოვის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული ომის მხარდაჭერის დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ, კიევმა და მოსკოვმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს დაძაბულობის შესასუსტებლად. წელს ორმა მხარემ პირველად გაცვალა პატიმრები. მიმდინარე თვეში კი უკრაინის სამთავრობო ჯარებმა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა დაიწყეს ჯარების გაყვანა აღმოსავლეთ უკრაინის სოფლიდან.

ლაშა ბაქრაძე: 30 წელზე მეტია, სამწუხაროდ, აქ ვდგავართ

ლაშა ბაქრაძე

ისტორიკოსის, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის ლაშა ბაქრაძის თქმით, საზოგადოება მრავალფეროვანია და მრავალფეროვანია ასევე პარტიული ლანდშაფტიც, თუმცა მათ მაინც იპოვეს გამაერთიანებელი. ლაშა ბაქრაძის განმარტებით, სწორედ ეს გამაერთიანებელია სურვილი იმისა, რომ ხალხი პარლამენტში ისეთი არჩევნებით შევიდეს, რომელსაც ყველა ენდობა:

„30 წელზე მეტია, სამწუხაროდ, ჩვენთვის ყველასთვის, აქ ვდგავართ, რომ მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი ხმა გაგონილი იქნას იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, რომელიც მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილებს ყველას. ისეთი ქვეყანა, რომელშიც ადამიანი იპოვის სამართალს, ისეთი ქვეყანა, რომელშიაც ყველა იქნება წარმოდგენილი და არ იქნება სადღაც ქვედა ფენები და ზედა ფენები, სადაც არ იქნება გაჭირვებული ადამიანები, სადაც ყველას ექნება თავისუფალი გამოხატვის საშუალება.

ის, რომ დღეს, როგორც გავიგეთ, რეგიონებში ტელევიზიები გამორთეს, არის მაჩვენებელი იმისა, რომ არ უნდათ გაიგონ თავისუფალი ხმა ხალხის და ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი ხმა გაიგონ“, - აღნიშნა ლაშა ბაქრაძემ. მისი თქმით, პარლამენტის წინ პროტესტის გამოხატვით, „ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვართ ერი და ჩვენ ვართ ერი, რომელსაც აქვს მომავალი“, - აღნიშნა ლაშა ბაქრაძემ.

საქართველოს პარლამენტის წინ ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ოპოზიციური პარტიები ითხოვენ პროპორციული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას, მთავრობის გადადგომას და, შესაბამისად, ცვლილებებს საარჩევნო კომისიებში. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოაწყვეს.

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს მიმართავს

კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილეს წერილი გაუგზავნა.

„მოგესალმებით, ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო, ჩვენ გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ცხინვალის რეგიონში, რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის და საზღვრისპირა ზონიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს. ამჯერადაც ყველა შეშფოთებულია აღიარებული ქირურგის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო. ასეთი ვითარება ჩვენ საზოგადოებაში სამართლიან დიდ უკმაყოფილებასა და პროტესტს იწვევს.

ამ ფონზე მეტად უარყოფითად იმოქმედა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, ყირგიზეთსა და არქტიკაში მყოფ რუსულ სამხედრო ნაწილებში 3 წლით ჯარის მეთაურების დამხმარეებად სურთ მოავლინოთ სასულიერო სასწავლებლების ახლად კურსდამთავრებული მოძღვრები.

რუსეთის ეკლესია ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში. ამიტომაც ჩვენთვის გაუგებარია ამგვარი განაცხადი და იგი მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს ყველას.

საეკლესიო კანონიდან გამომდინარე, მიუღებელია ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენი ნებართვის გარეშე სხვა რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა გამოგზავნა. როგორც სამხედრო, ისე ჩვეულებრივ საერო სივრცეში სამოღვაწეოდ. ასეთი ქმედება ძაბავს და ამწვავებს ვითარებას.

ვიმედოვნებ, შესაძლებლობისამებრ მიიღებთ ზომებს ჩვენს სახელმწიფოთა, ხალხთა და ეკლესიათა შორის ურთიერთობების ნორმალიზებისათვის“, - ნათქვამია მიმართვაში.

„პატრიოტთა ალიანსმა“ ხელისუფლებას წითელი ბარათი უჩვენა

რამდენიმე წუთის წინ თბილისში, ოპერის შენობასთან დასრულდა „პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია, რომელმაც სტარტი რესპუბლიკის მოედნიდან აიღო და რომლის მოთხოვნაც იყო „ქართული ოცნების“ ჩამოშორება ხელისუფლებიდან.

როგორც ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, მათი ძირითადი მოთხოვნით და, ასევე, პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქციები დაიწყება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. მათ სერიას კი დაასრულებს დიდი აქცია თავისუფლების მოედანზე.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები არ აპირებენ შეუერთდნენ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას, რადგან, როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, მათთვის მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა.

„პატრიოტების“ ლიდერის თქმით, მისი პოლიტიკური ძალა არც პარლამენტის ბოიკოტირებას გეგმავს, რადგან, მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანო არის მათი პოზიციების დაფიქსირების ადგილი.

ოპერის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილ „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერებს წითელი ბარათები დაურიგეს - მათ სწორედ ეს ბარათები აჩვენეს ხელისუფლებას გაფრთხილების ნიშნად.

ირმა ინაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ დაამთავროს პოლიტიკური სპექტაკლები

„პატრიოტთა ალიანსის“ აქციამ რუსთაველის გამზირზე, ოპერის წინ გადაინაცვლა. პარტიის ლიდერის ირმა ინაშვილის თქმით, ისინი არავისთან გაერთიანებას არ აპირებენ და აქციებს დამოუკიდებლად გააგრძელებენ.

„'ქართულმა ოცნებამ' დაამთავროს პოლიტიკური სპექტაკლები, პოლიტიკური მელაკუდობა. მთავარი დაპირება „ქართული ოცნების“ იყო პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა. დღეს უკან წაიღეს ეს დაპირება ძალიან უხერხული, მიუღებელი ფორმებით. ამიტომ არ შეწყდება პროტესტი, ძალიან დიდი საპროტესტო აქციები დაიწყება და გადატყდება ხელისუფლება [წელში]“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დავით ბერძენიშვილი: ჩვენ გვყავს ფლიდი ბიძინა, მატყუარა ბიძინა, ჩვენ მას არ მოვითმენთ

დავით ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის თქმით, ხალხისთვის დაპირებული პროპორციული სისტემის უკან წაღებით ბიძინა ივანიშვილმა იკადრა ის, რაც არ უკადრია არცერთ მის წინამორბედს.

„რუსებს ჰყავდათ ცრუ დიმიტრი, ორი თან. ჩვენ გვყავს ფლიდი ბიძინა, მატყუარა ბიძინა, ცრუ ბიძინა და ჩვენ მას არ მოვითმენთ“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე:

„გადამგდები გადავაგდოთ“. როგორ უნდა გადავაგდოთ? როგორ და არჩევნებით. საქართველო ივანიშვილის გარეშე ეს არის საქართველო პროპორციული არჩევნებით. ეს არის გზა“, - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა. მისი შეფასებით, საქართველოს ასეთი მდარე ხელისუფლება არასდროს ჰყოლია:

„პოლიტიკა კომპრომისებია, პოლიტიკა ხანდახან შეცდომებიც არის. უშეცდომო არავინ არა ვართ, მაგრამ ვცნობთ ერთმანეთის უფლებას განსხვავებულ წარსულზე, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ერთმანეთის მიზანი წინ თავისუფლებისკენ.

წინ თავისუფალი საქართველოსკენ, წინ დამოუკიდებლობისკენ, წინ ევროპისკენ, წინ ნატოსკენ. ჩვენ ყველასი ვართ. ჩვენ ვართ რელიგიური უმცირესობების ქვეყანა, ჩვენ ვართ ეთნიკური უმცირესობების ქვეყანა, ჩვენ ვართ სექსუალური უმცირესობების ქვეყანა, ჩვენ ყველასი ვართ, ჩვენ ევროპული ერი ვართ, ჩვენ არ გვეშინია ტაბუების“, - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის წინ ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ოპოზიციური პარტიები ითხოვენ პროპორციული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას, მთავრობის გადადგომას და, შესაბამისად, ცვლილებებს საარჩევნო კომისიებში.

პიკეტირება დაიწყო: პარლამენტის ერთ-ერთ ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის პიკეტირება დაიწყეს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელ ჭიშკარს გარედან „ბოქლომი“ დაადო. უგულავას განცხადებით, ბოქლომს პარლამენტის ყველა შესასვლელს გაუკეთებენ.

აქციაზე გამოსვლისას გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს ხვალ არ შეუშვებენ სახელმწიფო დაწესებულებებში.

საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალურ უკანა შესასვლელს პოლიცია იცავს.

საპროტესტო აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნა პროპორციული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა, 15.00 საათზე დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება.

საპატრიარქო: ვთხოვთ ყველას, დროულად გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი

საქართველოს საპატრიარქო წუხილს გამოთქვამს ცნობილი ექიმის, ტრავმატოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დატყვევების გამო და ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ყველა იცნობს, როგორც ფრიად გამოცდილ ქირურგს, რომელმაც მრავალ ადამიანს შეუნარჩუნა ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მათ შორის, ცხინვალის რეგიონში.

საპატრიარქოს განცხადებით, თავისუფლების აღკვეთაში ყოფნა, პირველ რიგში, მისი დამკავებლებისთვის არის პრობლემური.

„ბატონ ვაჟას გათავისუფლებისთვის ქართველი მედიკოსები, უბრალო მოსახლეობა, ხელისუფლება, საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ მხარდაჭერას. ჩვენც ვუერთდებით მათ და ვთხოვთ ყველას, ვისაც ხელეწიფება სიტუაციის განმუხტვა, დროულად გაათავისუფლონ ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

გია ვოლსკი: პიკეტირება უპირისპირდება სახელმწიფო ინტერესებს

გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდება. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის ლიდერების მიერ საკანონმდებლო ორგანოს შენობის პიკეტირების საკითხზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ქვეყნის გაჩერება:

„უნდა ვიაროთ სამსახურში. უამრავი თემაა... საფრთხე იმისა, რომ სახელმწიფო გააჩერონ, ლარის კურსი დაეცეს და მოხდეს ეკონომიკური კოლაფსი, არ უნდა დაუშვას სახელმწიფომ და ესაა საზოგადოების მოთხოვნაც...

პიკეტირება ესაა ამ ადამიანების პოლიტიკის გამოხატულება, მონაწილეობა მიაღებინონ ხალხს ისეთ ქმედებებში, რომელიც კანონსაც უპირისპირდება და, რაც მთავარია, უპირისპირდება სახელმწიფო ინტერესებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტის წინ ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივევის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ოპოზიციური პარტიები ითხოვენ პროპორციული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას, მთავრობის გადადგომას და, შესაბამისად, ცვლილებებს საარჩევნო კომისიებში.

ჩამოტვირთე მეტი

შშმ პირები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მიღმა
please wait

No media source currently available

0:00 0:22:58 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
შშმ პირები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მიღმა
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG