Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი განიხილავს ნაბიჯებს ჯონსონის თხოვნაზე ბრექსიტის გადავადების შესახებ


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი ამბობს, რომ მალე დაიწყებს "კონსულტაციებს ევროკავშირის ლიდერებთან იმის შესახებ, თუ რა რეაგირება უნდა მიეცეს" ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ თხოვნას ბრექსიტის გადავადების შესახებ.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი იძულებული გახდა, სამთვიანი ვადით ეთხოვა ევროკავშირიდან მისი ქვეყნის გამოსვლის გახანგრძლივება, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 19 ოქტომბერს გადადო კენჭისყრა შესაძლო გაყრის შესახებ.

ჯონსონმა ამ თანამდებობაზე მუშაობა ივლისს დაიწყო, დაპირებით, რომ ბრიტანეთს 31 ოქტომბრამდე გამოიყვანდა ევროკავშირიდან.

გავრცელებული ცნობებით, მან ხელმოუწერლად გაგზავნა გადადების შესახებ თხოვნა და მას მიაყოლა მეორე, ხელმოწერილი წერილი, რომელშიც განმარტავს, რომ, მისი აზრით, ამგვარი გადავადება შეცდომაა.

ე.წ. მკაცრი ბრექსიტის გადადების მცდელობის ფარგლებში, პარლამენტარებმა იშვიათ, შაბათის სესიაზე, 19 ოქტომბერს ხმათა 322-306 თანაფარდობით გადაწყვიტეს, არ დაემტკიცებინათ შეთანხმება, რომელიც არ იქნებოდა გამყარებული მისი განხორციელებისთვის საჭირო კანონმდებლობით.

კენჭისყრას მიესალმა ბრექსიტის ათასობით მოწინააღმდეგე, რომლებმაც ლონდონის ცენტრში დემონსტრაცია გამართეს და მოითხოვეს 2016 წლის რეფერენდუმის ხელახალი ჩატარება. იმ რეფერენდუმზე მცირე უპირატესობით გაიმარჯვეს ევროკავშირის დატოვების მსურველებმა.

ჯონსონი აცხადებს, რომ 21 ოქტომბერს ხელახლა წარადგენს თავის ბრექსიტის გეგმას, რომელიც ბრიტანეთის და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გასულ კვირაში შეათანხმეს და რომელიც ითვალისწინებს რთული საკითხების გარკვევას, მათ შორის, სამომავლო საბაჟო სისტემას და სასაზღვრო ურთიერთობას ირლანდიასთან.

მაგრამ საპარლამენტო კანონებმა შესაძლოა ხელახალი კენჭისყრა შეუძლებელი გახადოს.

ტუსკმა 19 ოქტომბერს „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ჯონსონს კენჭისყრის შემდეგ ესაუბრა და დასძინა, რომ ახლა "წერილს ელის".

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფისის განცხადებით, ჯონსონს მაკრონიც ესაუბრა და ხაზი გაუსვა საჭიროებას, "მალე იქნეს განმარტებული ბრიტანეთის პოზიცია შეთანხმებასთან მიმართებით". გავრცელებული ცნობებით, მაკრონმა ჯონსონს უთხრა, რომ "გადავადება არავის ინტერესებში არ შედის".

ევროკავშირის ელჩები 20 ოქტომბერს, დილით ადრე შეიკრიბნენ სამომავლო ნაბიჯების განსახილველად, - იუწყება სააგენტო dpa.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG