Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაფხულის კრიზისის შემდეგ, მოლდოვაში პირველი არჩევნები იმართება


მოლდოვაში ადგილობრივი არჩევნები იმართება, რომელიც პირველი ელექტორალური ტესტია მას შემდეგ, რაც ოთხი თვის წინ ძალაუფლება მოიპოვა პროდასავლურმა მთავრობამ, მწვავე კონსტიტუციური კრიზისის ფონზე.

კენჭი ეყრება მერების 900-მდე თანამდებობას და ადგილობრივი საბჭოების 11,000-ზე მეტ მანდატს. პროდასავლური "ახალი პლატფორმის" წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრმა მაია სანდუმ ამ კვირაში კიდევ ერთხელ გაიმეორა "თავისუფალი და სამართლიანი" არჩევნების გამართვის პირობა და, ამასთან, გამოვიდა გაფრთხილებით შესაძლო "პროვოკაციების" თაობაზე. სანდუმ პოლიციას მოუწოდა, აღკვეთოს დარღვევები და დასაჯოს მათი ჩამდენები, თუკი ასეთები მოხდება.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის შვიდ საათზე გაიხსნა კიშინიოვში. ბევრი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ დედაქალაქი პირველად აირჩევს სოციალისტ, პრომოსკოვურად განწყობილ მერს. გამოკითხვების შედეგებმა აჩვენა, რომ სოციალისტი იონ ჩებანი უსწრებს მმართველი ბლოკის კანდიდატს, ანდრეი ნასტასეს. კენჭისყრა ადგილობრივი დროით საღამოს ცხრა საათზე დასრულდება.

მოლდოვას უჭირს დასავლეთის მიერ დასახული რეფორმების გატარება, მას შემდეგ, რაც მის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის გაქრობამ სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი ბანკებიდან, ხუთი წლის წინ. ამ სკანდალს მთავრობა გადაჰყვა.

თებერვალში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მკაფიო შედეგი არ მოჰყვა, რაც ზაფხულში გადაიზარდა მწვავე საკონსტიტუციო კრიზისში და დაპირისპირებაში პრომოსკოვურად განწყობილ პრეზიდენტ იგორ დოდონს, საკონსტიტუციო სასამართლოსა და იმ პარლამენტარებს შორის, რომლებსაც სანდუს გაპრემიერება სურდათ.

დასავლელი კრიტიკოსების თქმით, პოლიტიკურმა არასტაბილურობამ შეაფერხა მოლდოვაში კანონის უზენაესობის გაძლიერების და დემოკრატიული რეფორმების გატარების ძალისხმევა.

XS
SM
MD
LG