Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა დოლიძე ამბობს, რომ გიორგი მიქაუტაძის საკომიტეტო მოსმენაზე სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს


ანა დოლიძე
ანა დოლიძე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ, არ შეუშვეს.

როგორც ანა დოლიძემ განუცხადა ჟურნალისტებს, მანდატურის სამსახურმა დარბაზში უადგილობის მომიზეზებით მას სხდომის მოსმენა ე.წ. აივნიდან შესთავაზა. ანა დოლიძე ფიქრობს, რომ ამით ცდილობენ გიორგი მიქაუტაძეს კომფორტი შეუქმნან.

„სხდომა არის საჯარო, დარბაზი გატენილია აპარატის თანამშრომლებით და მოქალაქეები დარბაზში არ დასხდნენ, რადგან პატარა დისკომფორტით ცივი ნიავი არ მიაკარონ გიორგი მიქაუტაძეს და არ აგვინერვიულდეს. ამისთვის არის ეს ფასადური პროცესი”, - ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში იმისთვის მივიდა, რათა ეთქვა, რომ გიორგი მიქაუტაძე ჩინჩალაძე-მურისიძის სასამართლოს სახეა.

„იმის აღსანიშნავად მოვედი, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მთელი ეს პერიოდი გიორგი მიქაუტაძე ჩვეულებრივი მხარე იყო, ის არის მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს ინტერესების დამცველი და განმახორციელებელი. გარდა ამისა, ის იყო კონკურსის ჩამტარებელი, როგორც იუსტიციის საბჭოს მდივანი და ამავე დროს ერთ-ერთი კონკურსანტი და ამით მოახერხა და ეუთო-ს დასკვნაშიც კი მოხვდა სახელობითად”, -განაცხადა ანა დოლიძემ. იგი არ დათანხმდა მანდატურის წინადადებას სხდომისთვის აივნიდან ედევნებინა თვალი და პარლამენტის შენობა დატოვა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს უსმენს.

მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია.

არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური პარტიები გიორგი მიქაუტაძეს სასამართლოში არსებული „კლანის“ წარმომადგენლად მიიჩნევენ და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მის არჩევას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 23 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 11 კანდიდატს მოუსმინა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს სულ 20 კანდიდატი წარუდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG