„არის თუ არა საქართველოში არაფორმალური მმართველობის ნიშნები?“ - ეს კითხვა დაუსვა რომან გოცირიძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი მიქაუტაძეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, რომელსაც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.
გიორგი მიქაუტაძე ფიქრობს, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობის ნიშნები არ არის.
რომან გოცირიძემ მეტი თვალსაჩინოებისთვის, გიორგი მიქაუტაძეს ის სიტუაცია დაუხასიათა, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, „ერთი ბანკის [ბანკი „ქართუ“] კლერკები მართავს საქართველოს მთავრობას“.
რომან გოცირიძის ამ განმარტებას გიორგი მიქაუტაძემ ასე უპასუხა: „ვაფასებ თქვენი იუმორის გრძნობას, მაგრამ მგონი, ამისთვის არ ვარ მოსული და ამიტომ, თუკი იქნება კონკრეტული კითხვა, გულწრფელად გიპასუხებთ“.
გიორგი მიქაუტაძის თქმით, მას არ მიაჩნია ჯანსაღად იმგვარი მიდგომა, რომელიც ადამიანს წარსული სამსახურის გამო განსჯის: „არ შეიძლება, რომ ადამიანი შეაფასო მხოლოდ იმ ფაქტორით, რომ ის კონკრეტულ დროს, კონკრეტულ საქმიანობას ახორციელებდა“.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს უსმენს.
მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია.
არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური პარტიები გიორგი მიქაუტაძეს სასამართლოში არსებული „კლანის“ წარმომადგენლად მიიჩნევენ და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მის არჩევას.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 23 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 11 კანდიდატს მოუსმინა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს სულ 20 კანდიდატი წარუდგინა.