სასამართლომ თვითგამოცხადებულ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ უკრაინელ ჟურნალისტ სტანისლავ ასეევს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. ამის შესახებ დღეს იტყობინება სეპარატისტების კონტროლქვეშ არსებული საინფორმაციო სააგენტო.
სააგენტოს ინფორმაციით, განაჩენი ჯერ კიდევ აგვისტოში გამოიტანა სეპარატისტების უზენაესმა სასამართლომ და ის ძალაშია შესული. ჟურნალისტს ბრალი ედება ჯაშუშობაში, ექსტრემიზმსა და სეპარატისტული რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მოწოდებაში.
ასეევი რადიო თავისუფლების შტატგარეშე თანამშრომელია. 30 წლის ჟურნალისტი ერთ-ერთია მცირერიცხოვანი ჟურნალისტებიდან, რომლებმაც დონეცკში მუშაობა გააგრძელეს მას შემდეგ, რაც ქალაქი სეპარატისტების კონტროლქვეშ გადავიდა. ის 2017 წლის გაზაფხულზე დააკავეს.
ასეევის გათავისუფლებას ითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციები და წამყვანი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები.
მისი გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების პრეზიდენტი ჯეიმი ფლაი.
„სტანისლავ ასეევის განაჩენი, რომელიც აგვისტოში იქნა გამოტანილი, მაგრამ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი, დასაგმობია, - განაცხადა ფლაიმ, - სტასი ჟურნალისტია და ის მხოლოდ ცდილობდა, ყურადღება გაემახვილებინა აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე. სასამართლოს გადაწყვეტილება არის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონეცკელი სეპარატისტების მცდელობა, ჩაახშონ მისი მძლავრი, დამოუკიდებელი ხმა. სტასი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ“.