გლდანის ციხეში 39 წლის პატიმარი დ.კ გარდაიცვალა. იგი სასჯელს 2015 წლიდან ძარცვის ბრალდებით იხდიდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანახმად, მსჯავრდებული დ.კ. სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და შესაბამის მკურნალობას გადიოდა.
„სამედიცინო გამოკვლევების და კონსულტაციების საფუძველზე, დადგენილი ჰქონდა დიაგნოზი: ბოდვითი აშლილობა; ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა; ინსომნია; არტერიული ჰიპერტენზია; ცეფალგია; ქრონიკული ვირუსული C ჰეპატიტი (ნამკურნალები – 2018წ.)“, - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, პატიმარმა რამდენჯერმე გაიარა სტაციონარული მკურნალობის კურსი და პენიტენციურ დაწესებულებაში ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში იმყოფებოდა. იგი შეუძლოდ 21 ოქტომბერს, საღამოს გახდა:
„21.10.2019 წ. დაახლოებით 18:25 სთ-ზე დ.კ. შეუძლოდ გახდა, რის გამოც საკანში გამოძახებული იქნა ოჯახის ექიმი. 18:26 სთ-ზე საკანში მისულ სამედიცინო პერსონალს მსჯავრდებული დახვდა უგონო მდგომარეობაში, არ აღინიშნებოდა სუნთქვა და არ ისინჯებოდა პულსი არც პერიფერიულ და არც ცენტრალურ სისხლძარღვებზე. მედპერსონალმა დაუყოვნებლივ დაიწყო გულ-ფილტვის რეანიმაცია, რომლის მსვლელობის დროს რამდენჯერმე გაკეთდა ადრენალინის ინტრავენური ინექცია. პარალელურად, 18:30-სთ-ზე გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც ადგილზე მოვიდა 18:53 სთ-ზე. სასწრაფო დახმარების მოსვლის შემდეგაც, დაწესებულების სამედიცინო პერსონალი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში კვლავ განაგრძობდა გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარებას, თუმცა მსჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა და 19:05 სთ-ზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდარის შესახებ ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.
პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 21 ოქტომბერს დაიწყო.