თბილისის საკრებულოს წევრს, ვატო შაქარიშვილს არ მიეცა საშუალება, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კითხვა დაესვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გიორგი მიქაუტაძისთვის.
კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კომიტეტზე მოსამართლეთა მოსმენის პროცედურა არ გულისხმობს მოქალაქეების მიერ მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კითხვების დასმას:
„ჩვენ გაწერილი გვაქვს პროცედურა და პატივი უნდა ვცეთ საქართველოს პარლამენტს და პატივი უნდა ვცეთ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა პირი უნდა იყოს თანაბარ პირობებში. შესაბამისად, მე ვიცავ ამ წესს და თუკი ჩვენ შევთანხმდით ამ პრინციპზე და ერთი თვეა უკვე ამ წესს ვიცავთ, ამ წესისგან გადახვევის და გამონაკლისის დაშვების არც საჯარო ინტერესი არ არსებობს და არც ობიექტური საფუძველი“.
დეპუტატ ლევან კობერიძის კითხვაზე, თანახმა არის თუ არა გიორგი მიქაუტაძე, პასუხი გასცეს ვატო შაქარიშვილის შეკითხვებს, მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ ის მზად არის ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად.
ვატო შაქარიშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დღის პირველ ნახევარში, დეპუტატ ეკა ბესელიას დახმარებით შევიდა:
„მე მაქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური, სამართლიანი კითხვები მოსამართლეობის კანდიდატთან, რომელმაც 2012 წელს სხვა უამრავ ახალგაზრდასთან ერთად, პოლიტიკური დავალება შეასრულა და შეზღუდა ჩვენი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი აქტივობა და პოლიტიკური ნიშნით გაგვასამართლა, ორთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მომისაჯა. აქ არ ვარ პირადი მოტივებით. მე მას, როგორც ადამიანმა ადამიანს, დიდი ხნის წინ ვაპატიე, მაგრამ როგორც მოქალაქემ მოსამართლეს, არ შემიძლია, ვაპატიო გამოტანილი უკანონო განაჩენი“, - განაცხადა დარბაზში შესვლამდე ვატო შაქარიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს უსმენს.
მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია.
არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური პარტიები გიორგი მიქაუტაძეს სასამართლოში არსებული „კლანის“ წარმომადგენლად მიიჩნევენ და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მის არჩევას.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 23 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 11 კანდიდატს მოუსმინა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს სულ 20 კანდიდატი წარუდგინა.