რუსეთის საკურორტო ქალაქი სოჭი 23 ოქტომბერს მასპინძლობს აფრიკის ქვეყნების ათობით ლიდერს, იმ ფონზე, როცა მოსკოვი ესწრაფვის, სხვა წამყვან ქვეყნებს გაუსწროს აფრიკაზე გავლენის მოპოვებაში.
რუსეთ-აფრიკის ორდღიან სამიტს პრეზიდენტი პუტინი გახსნის, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან ერთად, რომელიც ამჟამად აფრიკის კავშირის მორიგე თავმჯდომარეა.
კრემლი აცხადებს, რომ სამიტში მონაწილეობა დაადასტურა აფრიკის სახელმწიფოების თუ მთავრობების 54 ლიდერიდან 43-მა. სამიტის მსვლელობისას პუტინი სტუმრებთან 13 ორმხრივ შეხვედრას გამართავს.
დასავლეთის ქვეყნები და ჩინეთი უკვე ძლიერად არიან წარმოდგენილნი აფრიკაში, ხოლო სხვა ქვეყნები, მაგალითად, რუსეთი და ინდოეთი, გავლენის მოპოვებას ესწრაფვიან, რადგან იზრდება კონტინენტის მნიშვნელობა - როგორც ინოვაციათა ცენტრის, ასევე მოსახლეობის ზრდის და მომხმარებელთა მზარდი ბაზის თვალსაზრისით.
მოსკოვი კონტინენტზე ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო საბჭოთა დროს, თუმცა მისი გავლენა შესუსტდა 1991 წლის და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. პარალელურად, აფრიკისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშე გახდა ჩინეთი. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩინეთმა ათობითმილიარდი დოლარი ჩადო აფრიკის ქვეყნებში - რომლებსაც ზოგჯერ მძიმე რეპუტაცია აქვთ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით - მათი რესურსების ხელმისაწვდომად გადაქცევის მიზნით.