Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორის და ჯავის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ "საზღვარი" დაკეტილია


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 14-20 ოქტომბრის პერიოდში „სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე დააკავეს რვა ადამიანი, მათგან ერთი სახელმწიფო საზღვრის, შვიდი კი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის“. ამავე სამსახურის ცნობით, ხუთი პირი დააჯარიმეს, ხოლო სამი გააფრთხილეს.

23 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით ე.წ. სასაზღვრო სამსახური ახალგორის და ჯავის რაიონის მცხოვრებთ კიდევ ერთხელ ატყობინებს, რომ „შექმნილი ვითარების გამო, პროვოკაციებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით და საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, 4 სექტემბრიდან შეწყვეტილია მიმოსვლა „რაზდახანის“ და „სინაგურის“ ე.წ. გამშვები პუნქტების გავლით და არ აღდგება შესაბამის განკარგულებამდე.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი დაკეტა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების საპასუხოდ.

თვენახევარზე მეტია, ოკუპირებული დაბა ახალგორის მცხოვრებნი ვეღარ ახერხებენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. მათ შეზღუდული აქვთ წვდომა პენსიის, განათლების და სამედიცინო მომსახურების მიღებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG