Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა ანაკლიის პორტის პროექტის ტერიტორია დაათვალიერეს


უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრები, ვიცე-პრემიერ ელიორ განიევის ხელმძღვანელობით ანაკლიაში პორტის პროექტის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ისინი გაესაუბრნენ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლებს და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერეს საკურორტო ზონის სანაპირო ზოლი.

დელეგაციის წევრმა, უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ დავრონ დეხკანოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ანაკლიის პორტი არის გრანდიოზული პროექტი, რომელსაც აქვს დიდი მნიშვნელობა, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სწავლობენ, როგორც ფოთის ტერმინალის, ასევე ანაკლიის მომავალი პორტის შესაძლებლობებს და იმ პროექტებს რომლის განხორციელებაც აქ იგეგმება.

დეხკანოვი ამბობს, რომ პირველ რიგში მათ აინტერესებთ სატრანსპორტო დერეფნის უსაფრთხოების საკითხი.

„ახლა ეს არის შესწავლის ეტაპი და შემდეგ ჩვენს აზრს ჩამოვაყალიბებთ. ახლა მიმდინარეობს საუბარი აბრეშუმის გზაზე და შეუძლებელია მისი განხილვა შავი ზღვის პორტების გარეშე. იმიტიმ რომ ესენიც აბრეშუმის გზის ნაწილია“,- განაცხადა დავრონ დეხკანოვმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ფინანსური დირექტორის ზურაბ ფიჩხაიას თქმით, უზბეკეთი არის ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი და მნიშვნელოვანია მათთან თანამშრომლობა.

როგორც ფიჩხაია აღნიშნავს, არის მოლოდინი, რომ მას შემდეგ, რაც ანაკლიის პორტი ჩაეშვება, უზბეკეთი აქტიურად ისარგებლებს ტვირთის გადაზიდვის პროექტით.

„ჩვენი სატრანსპორტო კორიდორი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ყველაზე ხელსაყრელი კორიდორი უზბეკეთისთვის თავიანთი ტვირთების გადასაზიდად“, - თქვა ზურაბ ფიჩხაიამ.

უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ „თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმში“ მონაწილეობის მიზნით. ანაკლიაში გამგზავრებამდე, უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია ფოთის ნავსადგურს ეწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG