Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლელო“ მოითხოვს არქივიდან „პროგრესბანკის“  3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებას


მამუკა ხაზარაძის თაოსნობით დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებას ეხმაურება.

„ჩვენ მოვისმინეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ „პროგრესბანკი“ არის გაუქმებული და მისი დოკუმენტების შემოწმება შეუძლებელია, ეს მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკი ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან და პროკურატურასთან ერთად TBC ბანკის არათუ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის, არამედ მთელი 12 წლის საქმიანობის დეტალურ შემოწმებას ატარებს”, - აცხადებს „ლელო“.

საზოგადოებრივი მოძრაობა მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის დამოკიდებულება და მისი განცხადებები ზიანს აყენებს ქართულ საბანკო სისტემას, სახელმწიფო სტრუქტურებს და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს საქმიან სივრცეში.

„ეს განცხადებები აშკარად ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკი არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი“, - აღნიშნავენ „ლელოს“ წევრები და საგამოძიებო ორგანოებს მიმართავენ, - „სასწრაფოდ მოვითხოვთ „პროგრესბანკის“ საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებას და გასაჯაროებას“.

რაც შეეხება „პროგრესბანკთან“ დაკავშირებულ საკითხს, მამუკა ხაზარაძემ 15 ოქტომბერს თქვა, რომ TBC ბანკი მოლაპარაკებული იყო „სოსიეტე ჟენერალთან" ბანკ „რესპუბლიკის" აქციების შეძენაზე, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა ეს ტრანზაქცია გააჩერა ახსნა-განმარტების გარეშე.

„მე ეს გულისტკივილით, თუ საყვედურის ტონით ვთქვი, რომ ამდენი ხანია საქართველოში ვაშენებ და რატომ ხდება ასე. ეს ვუთხარი ივანიშვილს. იქ ითქვა ასეთი რაღაც, თუ „პროგრეს ბანკსაც“ იყიდით, იქნებ ეს გარიგება გამოვიდეს", - ამბობს ხაზარაძე.

როგორც მამუკა ხაზარაძე ამბობს, TBC ბანკმა „პროგრესბანკის“ აუდიტი დაიწყო. აუდიტმა კრიტიკულად არასასურველი მდგომარეობა აღმოაჩინა, რამაც მამუკა ხაზარაძესა და TBC ბანკს ფულის გათეთრების ეჭვი აღუძრა. TBC ბანკმა შეიძინა „პროგრესბანკის“ მხოლოდ რამდენიმე ჯანსაღი აქტივი, ასევე, ბანკი „რესპუბლიკის" 94%-მდე წილი, 315 მილიონ ლარად.

„პროგრესბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის 19 ოქტომბერს გაუუქმა.

ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „პროგრესბანკიდან“ საეჭვო გადარიცხვებისა და შესაძლო ფულის გათეთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ აქვთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG