ოკუპირებულ აფხაზეთში ბლოგერ ბესლან ხვარწკაიას ცემის ფაქტს დე ფაქტო სახალხო დამცველი ასიდა შაკრილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ამ ტიპის საქმეებში ხელისუფლების უმოქმედობა საზოგადოებაზე ზეწოლის წამახალისებელია.
„როდესაც ასეთი შემთხვევებია, ხშირად მიმართავენ ე.წ. ავტორიტეტებს... ეს იმიტომ ხდება, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ არის საკმარისი რეაგირება. სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერზე დროულად, რომ რეაგირებდნენ, ვფიქრობ, ჩემთვის მომართვაც არ გახდებოდა საჭირო - ყველაფერი კანონის ნორმებში დასრულდებოდა. დღეს ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც პროკურატურა, სამართალდამცავი ორგანოები არ რეაგირებენ, რაც ჩვენს საზოგადოებაში დანაშაულის, ძალადობის წახალისებას იწვევს. საშინელებაა, როდესაც ხელისუფლება არის ძალადობის წამახალისებელი. ამასთან, საზოგადოება, რა თქმა უნდა, თავს დაცულად არ გრძნობს“, - ასიდა შაკრილის კომენტარს „აბაზა ტვ“ ავრცელებს.
სოხუმის შინაგან საქმეთა დე ფაქტო სამმართველო წინასწარ მოკვლევას ატარებს ბლოგერ ბესლან ხვარწკაიას ცემის ფაქტზე.
ბესლან ხვარწკაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო. მან ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ერთ-ერთ ქორწილს „ვაცის ქორწილი“ (козлосвадьба) უწოდა. ქორწილის სუფრაზე ეწყო შემწვარი ცხოველები დაუნაწევრებლად.
ბესლან ხვარწკაიას ცემის ამსახველ ფოტოებს „ფეისბუკის" გვერდზე ერთ-ერთი მომხმარებელი აქვეყნებს.